"გაოცებული ვარ, როგორ მედგრად და ჭკვიანურად იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები" | ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ეხმაურება რუსეთის მიერ საკუთარი ჟურნალისტებისთვის მისი ინტერვიუს გასაჯაროების აკრძალვას, ასევე 28-30 მარტს დაგეგმილ, მოლაპარაკების მორიგ რაუნდს. 

გთავაზობთ ზელენსკის მიმართვას სრულად: 

ძვირფასო უკრაინელებო, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად შორს ვართ რუსეთის ფედერაციისგან. ყველამ იცის, რომ დღეს იმ რუს ჟურნალისტებთან ჩავწერე ინტერვიუ, რომლებსაც შეუძლიათ, რომ თავს თავისუფალი სიტყვის გაჟღერების ნება მისცენ. როდესაც ისინი ინტერვიუს გამოქვეყნებას აპირებდნენ, რუსეთის კომუნიკაციების სააგენტო დაემუქრა და გაუგზავნა წერილი, რომ მასალის გამოქვეყნებას უკრძალავდნენ. 

სასაცილო იქნებოდა, ისინი თავიანთ ქვეყანაში, მეზობელი ქვეყნის განადგურების პარალელურად, თავისუფალი სიტყვის განადგურებას რომ არ ცდილობდნენ. თავს მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებად 
წარმოაჩენენ, ამავდროულად კი ჟურნალისტებთან საუბრის გამოქვეყნების ეშინიათ. ესე იგი, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და ისინი ნერვიულობენ. ეს ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ, რომ თავიანთმა მოქალაქეებმა, არსებულ შეკითხვებზე სწორი პასუხები გაიგონ. 

ასევე, დღეს 500-მდე ჩვენს ჟურნალისტს ვესაუბრე, მათ, ვინც ჩვენს ტელესივრცეს აერთიანებს და სიმართლეს ავრცელებს. დიდი მადლობა მათ. დავინახე, რომ ყველა მათგანი მხარს გვიჭერს, ჩვენზე ფიქრობს და უკრაინაზე გული შესტკივა.

გარდა ჟურნალისტებისა, ჩვენი მხარდამჭერები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეიკრიბნენ, რაც ძალიან მესიამოვნა. მათი შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ მოგვაჩვენებს თავს, რომ თავისი ხალხის პოზიცია არ მოუსმენია. 

მივმართავ უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრებს და ვეტყვი, რომ წინ, დიპლომატიური კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი და დაძაბული კვირა გველოდება. ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეძლებს თავის კაბინეტში უკრაინული ინტერესების დამალვას. არავის მივცემთ უფლებას, მარიუპოლისა და ჩვენი სხვა ქალაქების შესახებ დაივიწყოს. უკრაინისა და სიკეთის მხარეს და ბოროტების წინააღმდეგ, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი დგება.

კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს ხერსონში, კახოვკაში, სლავუტიჩსა და სხვა ქალაქებში, სადაც წინააღმდეგობას არ წყვეტენ და ოკუპანტების განდევნას ცდილობენ. ჩვენს ქალაქებში მტრის დროებითი შესვლა ნიშნავს, რომ მათ იქიდან გასვლა დაუყოვნებლივ მოუწევთ.

იმ ფენომენალურ იდიოტებს, ვინც რუსეთთან თანამშრომლობას ამჯობინებს, მინდა ვუთხრა, რომ რუსები ფეხებზე თავისიანებს იკიდებენ და წარმოიდგინეთ, თქვენ რას გიზამენ. მინდა მოგიწოდოთ, დაფიქრდეთ, თუმცა, ფიქრი რომ შეგძლებოდათ, ამ დღეში არ ჩავარდებოდით. 

რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობას მომავალ კვირაშიც გავაგრძელებთ, წინ კი მოლაპარაკების კიდევ ახალი რაუნდი გველოდება. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია მშვიდობა. როგორც მათ შემოგვითვალეს, უმჯობესი იქნება პირისპირ შეხვედრა თურქეთის ტერიტორიაზე. ცუდი აზრი არაა. დავაკვირდებით, რა მოხდება. მოლაპარაკების მაგიდაზე ჩვენი ურყევი პოზიცია დაფიქსირებულია, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ასევე, უსაფრთხოების გარანტიები და ომის დასრულება. 

ჩვენი ჯარისკაცები მტერს გმირულად ებრძვიან. გაოცებული ვარ, როგორ მედგრად და ჭკვიანურად იბრძვიან და მოქმედებენ ბრძოლის ველზე და ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მადლობის თქმაც კი არაა საკმარისი. თუმცა, არ დავიღლები, რომ ისევ და ისევ გითხრათ - დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. 

ხელი მოვაწერე ბრძანებას, 15 ჯარისკაცს მივანიჭე უკრაინის გმირის წოდება. სამწუხაროდ, 3 მათგანი დაღუპულია. ასევე, 142 ჯარისკაცი და უსაფრთხოების სამსახურის 5 თანამშრომელი სახელმწიფო ჯილდოთი დავაჯილდოვე. მსგავსი გადაწყვეტილებებისთვის ხელის მოწერა ჩემთვის დიდი პატივია და მინდა, მარადიული ხსოვნა იყოს ჩვენი სამშობლოსთვის დაღუპული ადამიანებისთვის. 

დიდება ყველა გმირს! დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი. 

 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი