უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირიდან შეიქმნება უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გაანალიზებს.
"ახლა ევროპაში გავრცელდა მოსაზრებები, რომ სანქციების გამკაცრება და ემბარგო იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. სიტყვები არ მყოფნის. დაფიქრდით, სადამდე მივედით, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას ველოდებით. ანუ, ჩვენ, ცოცხალი ადამიანები ქიმიურ იარაღს უნდა დაველოდოთ?! ნუთუ ის ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა და ახლაც აკეთებს, ნუთუ ის ფოსფორის ბომბები, ატომური სადგურის მიმართულებით გახსნილი ცეცხლი, ქიმიური სადგურის დაზიანება ემბარგოს არ იმსახურებს?! გვინდა, რომ სანქციები იყოს მკაცრი და იმის შესაბამისი, რასაც რუსეთი ახლა უკრაინაში აკეთებს.
თუ სანქციები იქნება სუსტი და რუსეთის ქმედებებთან შეუფერებელი და რუსეთი მას გვერდს მარტივად აუვლის, ეს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეუქმნის ილუზიას, რომ შეუძლიათ გააგრძელონ ის, რასაც ახლა აკეთებენ. ამის ფასს კი ვინ იხდის?! - უკრაინელი ხალხი თავისი სიცოცხლით. აქედან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში შევქმნით უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფს, რომლებიც მუდმივ რეჟიმში გააანალიზებენ მოქმედებს თუ არა რეალურად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ჩვენი მიზანია სანქციებმა იმუშაოს ისე, როგორც ეს ჩაფიქრებული იყო. ისე, რომ მათი გვერდის ავლის არცერთი შესაძლებლობა არ არსებობდეს. ეს უნდა იყოს როგორც უკრაინის, ასევე მთელი დემოკრატიული სამყაროს მიზანი, გამონაკლისის გარეშე",-თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.