"ნუთუ ის, რაც რუსეთმა გააკეთა და ახლაც აკეთებს, ემბარგოს არ იმსახურებს?!" | ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

ნუთუ ის ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა და ახლაც აკეთებს, ნუთუ ის ფოსფორის ბომბები, ატომური სადგურის მიმართულებით გახსნილი ცეცხლი, ქიმიური სადგურის დაზიანება, ემბარგოს არ იმსახურებს?!, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. 

ჩემო ძვირფასო უკრაინელებო,

დღეს კარგი ამბით ვიწყებ - ჩვენი სამხედროები წარმატებას აღწევენ კიევის ოლქში. უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლს იბრუნებენ, გაათავისუფლეს ირპენი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ შედეგისთვის იბრძოდა. ოკუპანტებს ყრიან კიევიდანაც. ჯერ კიდევ ადრეა სრულ უსაფრთხოებაზე საუბარი, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება.

მტერს ჯერ კიდევ კონტროლი აქვს კიევის ოლქის გარკვეულ ნაწილზე, აქვთ შესაბამისი ტექნიკაც და ცოცხალი ძალაც. ცდილობენ განადგურებული რაზმები განაახლონ, მიუხედავად იმისა, რომ მათ 90%-იანი დანაკარგი აქვთ. ეს მათთვის შეჩერების არგუმენტი არაა. მიუხედავად იმისა, რომ ასობით ტექნიკა აქვთ დაკარგული, მაინც ვერ ხვდებიან, რომ გაჩერდნენ. 

ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, დონბასი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი... ყველგან ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ეს არის უმოწყალო ომი ჩვენი ქვეყნის, ხალხისა და შვილების წინააღმდეგ. 

დღევანდელი მონაცემებით, 143 ბავშვია დაღუპული. მარიუპოლი ამ დრომდე ალყაშია. რუსებმა დღეს არცერთი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საშუალება არ მოგვცეს, რადგან სიჩუმის რეჟიმი დაარღვიეს. 

ახლა სიტუაციას გაწონასწორებულად და ჭკვიანურად უნდა შევხედოთ და წარმატებების გამო ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ კიდევ გვჭირდება დრო, შეიარაღება, ბრძოლა და მოთმენა. ემოციებს არ უნდა ავყვეთ. 

დღეს პარტნიორი ქვეყნის ლიდერებს ვესაუბრე, ძალიან აქტიური დღე იყო. ვესაუბრე ბორის ჯონსონს, ჯასტინ ტრუდოს, ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ დრაგის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. დიდი ბრიტანეთის პრემიერთან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შევთანხმდით. 

კანადამაც მხარი დაუჭირა უფრო მკაცრ რეაგირებას იმ კატასტროფის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე რუსებმა მოაწყეს. გერმანიის კანცლერთანაც სანქციების გაძლიერებაზე ვისაუბრეთ. დიდი მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტს უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. 

იტალია დათანხმდა, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა. ხვალ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას და დაველაპარაკები სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. 

უკრაინა არ დათანხმდება და არ შეეგუება რომელიმე სუბიექტის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე ნეიტრალურ დამოკიდებულებას. გასულ წელს უკვე გავიარეთ ის ეტაპი, როდესაც ვსაუბრობდით, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება აუცილებელი იყო, რათა უკრაინაში შემოჭრა თავიდან აგვეცილებინა. პრევენციული პაკეტი არ შეიმუშავეს და ომიც დაიწყო. 

ახლა ევროპაში გავრცელდა მოსაზრებები, რომ სანქციების გამკაცრება და ემბარგო იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. სიტყვები არ მყოფნის. დაფიქრდით, სადამდე მივედით, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას ველოდებით. ანუ, ჩვენ, ცოცხალი ადამიანები ქიმიურ იარაღს უნდა დაველოდოთ?! ნუთუ ის ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა და ახლაც აკეთებს, ნუთუ ის ფოსფორის ბომბები, ატომური სადგურის მიმართულებით გახსნილი ცეცხლი, ქიმიური სადგურის დაზიანება ემბარგოს არ იმსახურებს?! გვინდა, რომ სანქციები იყოს მკაცრი და იმის შესაბამისი, რასაც რუსეთი ახლა უკრაინაში აკეთებს. თუ სანქციები იქნება სუსტი და რუსეთის ქმედებებთან შეუფერებელი და რუსეთი მას გვერდს მარტივად აუვლის, ეს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეუქმნის ილუზიას, რომ შეუძლიათ გააგრძელონ ის, რასაც ახლა აკეთებენ. ამის ფასს კი ვინ იხდის?! - უკრაინელი ხალხი თავისი სიცოცხლით.

აქედან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში შევქმნით უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფს, რომლებიც მუდმივ რეჟიმში გააანალიზებენ მოქმედებს თუ არა რეალურად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ჩვენი მიზანია სანქციებმა იმუშაოს ისე, როგორც ეს ჩაფიქრებული იყო. ისე, რომ მათი გვერდის ავლის არცერთი შესაძლებლობა არ არსებობდეს. ეს უნდა იყოს როგორც უკრაინის, ასევე მთელი დემოკრატიული სამყაროს მიზანი, გამონაკლისის გარეშე.

მიმდინარე კვირას დანიის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, ავსტრალიის პარლამენტებს მივმართავ. მთავარია, რომ ეს არ იყოს გამოსვლა პოლიტიკოსების წინაშე, ეს უნდა იყოს მოქალაქეების წინაშე სიტყვით გამოსვლა. მილიონობით იმ ადამიანის წინაშე, რომლებთაც სურთ, რომ უკრაინის ხმა გაიგონ, რათა მას მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ. იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც გრძნობენ, რომ ჩვენ ვიბრძვით საერთო ღირებულებების წინააღმდეგ პრინციპით - "ერთი ყველასათვის". 

უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ იმის გამო, რომ ვიღაც პოლიტიკოსებს სიმამაცე არ ყოფნით, გადმოსცენ უკრაინას შესაბამისი შეიარაღება. შიში ყოველთვის გხდის თანამონაწილეს. თუ ვინმეს, რუსეთის გამო ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ეშინია, რომელიც შესაბამისი თვითმფრინავების, ტანკებისა და საარტილერიო დანადგარების მიღებაში დაგვეხმარება, ეს ადამიანები ავტომატურად, ამ კატასტროფისთვის თანაბრად პასუხისმგებლები იქნებიან. 

ევროპისა და მსოფლიოს ერები ჩემსა და უკრაინის ხმას აუცილებლად მოისმენენ. პოლიტიკოსებს კი ვურჩევ, აქედანვე დაფიქრდნენ, რას მიიღებენ, თუ თავიანთი ერების პოზიციას შესაბამისად არ უპასუხებენ. 

სანამ ამ ვიდეომიმართვას ჩავწერდი და გავავრცელებდი, ჩვენი სამხედროების დაჯილდოების ბრძანებას მოვაწერე ხელი. დღეს 302 ჩვენი ჯარისკაცი დავაჯილდოვე. დიდი მადლობა თქვენ მსახურებისთვის.

დიდი მადლობა. დიდება ჩვენს გმირებს! დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი