"ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ... მტერს ისევ აქვს პოტენციალი, შეტევები გააგრძელოს" | ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

"ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, იმიტომ რომ ვითარება არ შეცვლილა, გამოწვევების მასშტაბი არ შემცირებულა. მტერს ისევ აქვს პოტენციალი, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შეტევები გააგრძელოს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში საუბრობს. 

გთავაზობთ მის მიმართვას სრულად, ქართულ ენაზე:

თავისუფალი ერის ბრძენო მოქალაქეებო, 

დასრულდა ომის, წარმატებული თავდადების 34-ე დღე. დღეს თქვენ ნახეთ, როგორ გადაწყვიტა რუსეთმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებზე იერიშების შემცირება. ასევე, გადაწყვიტეს, ჩერნობაევკაში ნაკლებმა სამხედრო ავიაციამ იფრინოს და ნაკლებად იმოძრაოს ტანკებმა. 

მადლობელი ვარ თითოეული იმ ჯარისკაცის, ვინც კიევს იცავს. მხოლოდ მათ ეფექტურ მოქმედებებს შეუძლია აიძულოს მტერს, კიევს შეეშვას. ამასთან, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, იმიტომ რომ ვითარება არ შეცვლილა, გამოწვევების მასშტაბი არ შემცირებულა. მტერს ისევ აქვს პოტენციალი, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შეტევები გააგრძელოს. მათ ჯერ კიდევ დიდი რაოდენობის ტექნიკა და ბევრი უსამართლო ადამიანი ჰყავთ, რომლის გამოგზავნაც შეუძლიათ. 

ამიტომ, ჩვენ არ გავჩერდებით, არ მოვადუნებთ ყურადღებას და არ შევამცირებთ თავდაცვით ძალებს როგორც ქვეყნის აღმოსავლეთით, ასევე სხვა რეგიონებში. არცერთ რეგიონში, სადაც მტერი დროებით არის შესული. 

უკრაინის დაცვა ჩვენი მთავარი ამოცანაა. მოლაპარაკებების პროცესის ფუნდამენტი ზუსტად ეს არის. მტერი ამ დრომდე ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენი ქალაქების დაბომბვა ისევ გრძელდება. მარიუპოლი ამ დრომდე ალყაშია, იქ მტერს იერიშები არ შეუმცირებია. ეს რეალობაა, ეს ფაქტია, ამიტომ, დღეს, ჩვენი არსებობისა და გადარჩენის ერთადერთი შანსი და გარანტია ჩვენი ჯარისკაცები არიან. გარანტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს.

შეგვიძლია, მოლაპარაკებების მაგიდიდან გაჟღერებულ სიგნალებს პოზიტიური ვუწოდოთ, მაგრამ ეს სიგნალები ჭურვის აფეთქების ხმას ვერ ფარავენ. ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საფუძველს, ნდობა გამოვუცხადოთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომელიც ჩვენს გასანადგურებლად ბრძოლას განაგრძობს. უკრაინელები მიამიტები არ არიან და შემოჭრიდან 34 დღის განმავლობაში ეს მათ კარგად აჩვენეს. ბოლო 8-წლიანი ომიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მხოლოდ კონკრეტულ შედეგებსა და ფაქტებს. 

უკრაინა კონცენტრირებულია მოლაპარაკებებზე და ჩვენ ვაპირებთ, პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. გათვლა გვაქვს კონკრეტულ შედეგებზე. უნდა მივიღოთ რეალური გარანტიები ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასევე, ჩვენი ხალხისთვის. მტერმა ორი ოკუპირებული რეგიონი უნდა დატოვოს. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული უნდა იყოს. შეუძლებელია, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით რაიმე სახის კომპრომისი განვიხილოთ. ეს მოლაპარაკებების შედეგის მკაფიო სიგნალი და ხედვაა. 

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეს უკვე მიღებულია და ფაქტია... ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენს ხალხს ასე სჭირდება და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც უკრაინელებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, მიიღებს არა ერთი ადამიანი ან ადამიანთა პოლიტიკური გაერთიანება, არამედ მთელი ერი.

მოვუწოდებ ნებისმიერ ქვეყანას, არც კი წამოჭრას საკითხი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნაზე. ეს საკითხი არც კი განიხილება სანამ ეს ომი არ დასრულდება, ვიდრე არ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და სამართლიანობას არ აღვადგენთ. მანამდე კი სანქციები ყოველკვირეულად უნდა გამკაცრდეს და არამხოლოდ იმისთვის, რომ სანქცია სანქციისთვის იყოს. შეზღუდვები მშვიდობის დამყარების მიზნით უნდა დაწესდეს. 

ასევე, შეიქმნა უკრაინელ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ეფექტურობას შეაფასებს. უკრაინული მხარიდან ამ ჯგუფს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს, საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან კი მაიკლ მაკფოლი. 

გასულ დღეს მიკოლაევში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. მაშველები ოლქის ადმინისტრაციული შენობის ნანგრევებში ადამიანებს ეძებდნენ. ამ დროის მონაცემებით, 8 დაღუპული და 30-ზე მეტი დაშავებული გვყავს. სამწუხაროდ, ეს საბოლოო მონაცემები არ იქნება. მტერმა ამ შენობაზე იერიში ლაჩრულად მაშინ მიიტანა, როდესაც ადამიანები სამსახურში მივიდნენ. მადლობა ღმერთს, რომ განგაშის ხმის გაგონებისას, თავშესაფარში ჩასვლა თითქმის ყველამ მოახერხა. რუსეთის დენაციფიკაციის მორიგი ეს ფაქტი დილაადრიან, ნაცისტებისგან მიკოლაევის გათავისუფლების წლისთავის მომდევნო დღეს მოხდა.

მიკოლაევის მოსახლეობას კარგად ახსოვს 1944 წლის 28 მარტი და კარგად ხედავენ, ვის დაემსგავსა რუსეთი, რომელიც ახლა მათი ქალაქის ხელში ჩაგდებას ცდილობს. მიკოლაევის შესახებ დღეს დანიელ ხალხთან და პარლამენტის წევრებთან ვისაუბრე. მათ ვთხოვე, რომ ომის დასრულების შემდეგ მიკოლაევის ოლქის აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღონ. 

უკრაინის აღმშენებლობის პროგრამის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები საუკეთესო კომპანიებითა და სპეციალისტებით დახმარებას გვთავაზობენ. ეს სწრაფი აღმშენებლობის გარანტი იქნება. როგორც შემატყობინეს, დანიაში ამ პოზიციას პოზიტიურად გამოეხმაურნენ. 

დღეიდან, მუშაობა დაიწყო ჩვენს მიერ შემუშავებულმა ახალმა სისტემამ. როგორც იცით, ჩვენ მოქალაქეებს ომის შედეგად მიღებულ ყველა ზარალს ავუნაზღაურებთ, ეს იქნება სახლი, ბინა თუ სხვა სახის ზიანი. თითოეულ მოქალაქეს ამ ორგანოში განცხადების დაწერა უკვე შეუძლია. განაცხადის შეტანა მობილურის საშუალებითაც შესაძლებელია. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენი სახელმწიფო თითოეულ დაკარგულ სანტიმეტრს აანაზღაურებს. 

დღეს ჩვენი მეშახტეებისთვის 426 მილიონი გრივნა გადავრიცხეთ, რომლებიც ამ თანხას ხელფასების სახით მიიღებენ. 

მიმართვის გავრცელებამდე, რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებას მოვაწერე ხელი და დავაჯილდოვე ჩვენი კავშირგაბმულობის თანამშრომლები, რომლებიც ამ საომარი ვითარების დროს კომუნიკაციების შენარჩუნებას უზრუნველყოფენ. სწორედ ამ ადამიანების წინააღმდეგ მიიტანეს ოკუპანტებმა პირველი საჰაერო იერიში. 12 დაჯილდოებულიდან, სამწუხაროდ მათგან 4 დაღუპულია. 

დღეს 124 ჯარისკაცი დავაჯილდოვე, 34 მათგანი დაღუპულია. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც უკრაინისთვის დაიღუპა. დიდება თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს, დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი