პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ქართველი დეპუტატების შეხვედრაზე, მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსა და დეპუტატების შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ მესამე პრეზიდენტის საქმეზე საუბარი თავად დაიწყო. 

საპირისპიროს ამტკიცებს "ქართული ოცნება" - ნიკოლოზ სამხარაძემ მედიას შეხვედრის შემდეგ უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი ენმ-ს დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ წამოჭრა.

"ოპოზიციის წარმომადგენელი და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკითხის დაყენება შეხვედრაზე გასაკვირი არ უნდა იყოს, მათი პარტიის ლიდერია და შესაბამისად ეს საკითხიც მათ დააყენეს. თუმცა, როგორც გითხარით, პასუხი იყო ის, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - თქვა სამხარაძემ. 

თინა ბოკუჩავამ სამხარაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვების შეცდომით ციტირებაში დაადანაშაულა. 

"ბატონმა სამხარაძემ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როდესაც ციტირებდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. [...] რადგან თავად "ქართულმა ოცნებამ" ეს დაადასტურა, შემიძლია მეც პროაქტიულად დავადასტურო, რომ დიახ, დავსვი პრეზიდენტი სააკაშვილის საკითხი, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნისთვის და ახლა არის მომენტი, როცა პოლიტიკური ძალები უნდა ახდენდნენ კონსოლიდაციას", - თქვა ბოკუჩავამ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, თეონა აქუბარდია, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა ამბობს, რომ ერთიანობის კონტექსტში იყო გაკეთებული პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. 

"მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში კარგად იცნობენ, მის გათავისუფლებას მიესალმებიან და მისი გათავისუფლება საპატიმროდან იქნებოდა დამატებით ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას და სასამართლოს და ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში", - თქვა აქუბარდიამ. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მთავრობა საქართველოს და უკრაინას "უფრთხილდება", რაც დამატებითი არგუმენტია, თუ რატომაა მიხეილ სააკაშვილი ციხეში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი