"ჩვენი მიწის თითოეული მეტრისა და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ვიბრძოლებთ" | ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

"არაფერს არ მივცემთ და ჩვენი მიწის თითოეული მეტრისა და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ვიბრძოლებთ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცახდა.

გთავაზობთ მის მიმართვას სრულად, ქართულ ენაზე:

ჩემო ძვირფასო უკრაინელებო, 

ბევრს ვერ ვიტყვი, რადგან ბევრი დრო არ მაქვს. მაგრამ, მაქვს ბევრი ემოცია და კიდევ უფრო მეტი დავალება. ეს არის გარდამტეხი მომენტი როდესაც, მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ისაუბრო. მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი, სადაც ჯერ მხოლოდ სიტყვიერი საუბრები გრძელდება კონკრეტული შედეგების გარეშე. ასევე ისმის, თითქოს კიევიდან და ჩერნიგოვიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ. თითქოსდა ოკუპანტების მიერ ამ მიმართულებით მოქმედებების შემცირების. ჩვენ ვიცით, რომ ეს მათი გადაწყვეტილებით კი არა, ჩვენი ჯარისკაცების თავდადებული ბრძოლის შედეგად მოხდა.

ამავდროულად, ვხედავთ, რომ ოკუპანტი ჯარების მობილიზებას ახორციელებს დონბასზე ახალი იერიშების მისატანად. ჩვენც ვემზადებით. რადგან ჩვენ არავის ლამაზი სიტყვების არ გვჯერა. ჩვენ გვაქვს ბრძოლის ველზე არსებული რეალური ვითარება და ყველაზე მთავარია, ამის შეფასება მოვახდინოთ. არაფერს არ მივცემთ და ჩვენი მიწის თითოეული მეტრისა და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ვიბრძოლებთ. 

თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეუძლია ასწავლოს ჩვენს ჯარისკაცებს, როგორ იბრძოლონ და დაიცვან სამშობლო, უმჯობესი იქნება ბრძოლის ველზე თავად წავიდნენ და არ დარჩნენ სახლში, სავარძლებში, იქ, სადაც უსაფრთხო გარემო აქვთ. არამედ გვიპასუხეთ რეალური ქმედებებით. თუ ამისთვის მზად არ ხართ, მაშინ ძალიან გთხოვთ, ნუ ასწავლით ჩვენს ჯარისკაცებს როგორ იმოქმედონ.

დღეს ძალიან აქტიური დიპლომატიური დღე მქონდა. ეს ემსახურებოდა უკრაინული არმიისთვის სამხედრო დახმარების შეგროვებას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას და ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების მოზიდვას. ვესაუბრე შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს. მთელი საათის განმავლობაში ძალიან დეტალური საუბარი გვქონდა. დიდი მადლობა შეერთებულ შტატებს მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარებისა და დამატებით კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფისთვის.

მე ვუთხარი ჯო ბაიდენს, რომ ის განსაკუთრებით კეთილია ჩვენს მიმართ და რომ უკრაინისთვის შეერთებული შტატების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი კი არის, რომ უკრაინას მხარი გაუმაგრო და გამოავლინო დემოკრატიული სამყაროს ყველა სიძლიერე. თუ გვინდა, რომ თავისუფლებისთვის ერთად ვიბრძოლოთ, მაშინ ჩვენს პარტნიორებს დემოკრატიის ერთად დასაცავად ვეპატიჟებით.

ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ამ გარდამტეხ, ძალიან პრინციპულ დროს დახმარება მოვითხოვოთ. ეს არის თვითმფრინავები, ტანკები, საარტილერიო სისტემა. თავისუფლება ტირანიაზე არანაკლებ შეიარაღებული უნდა იყოს. ამის შესახებ დღეს ნორვეგიის პარლამენტშიც ხმამაღლა განვაცხადე. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც ჩვენ მოგვისმინა და მყისიერად გამოგვიწოდა დახმარების ხელი. როგორც შეიარაღებით, ასევე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. 

დღეს ეგვიპტის პრეზიდენტსა და გაერთიანებული ემირატების პრინცს ვესაუბრე. ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ჩვენმა ერმა თავი დაიცვას მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება როგორც უკრაინაში, ასევე შავი ზღვის აკვატორიის მთელ რეგიონში. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი და ჩვენი გადარჩენის საკითხი. ახლა ზუსტად უკრაინელი ერის გადარჩენისთვის ვიბრძვით. 

მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო:

არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სხვებთან ერთად სახელმწიფოს დასაცავად მოქმედებენ იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. და არსებობენ ისეთები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, ელჩი, გამოვიწვიო მაროკოდან. ასევე, მივიღე გადაწყვეტილება, დავაბრუნო ელჩი საქართველოდან. 

დიდი პატივისცემით, თუ არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, ეძებეთ სხვა სამსახური. ველოდები კონკრეტულ შედეგებს ლათინური ამერიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან და აფრიკიდან. ანალოგიურს ველოდები სამხედრო ატაშეებისგანაც. დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტია. და ყველამ უნდა იმუშაოს მაქსიმალურად ეფექტურად გამარჯვებისა და უკრაინის დახმარებისთვის, ისევე როგორც თითოეული ჩვენი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე. 

ვიდეომიმართვის გამოქვეყნებამდე, რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძანებას მოვაწერე ხელი, 122 ჯარისკაცი დავაჯილდოვე, მათ შორის 23 დაღუპულია.

მარადიული ხსოვნა მათ, ვინც უკრაინისთვის თავი გასწირა. დიდება მათ ხსოვნას, დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი