"თუ ამ აგრესიას ახლა არ შევაჩერებთ, შესაძლებელია ის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას მიადგეს" | ზელენსკის მიმართვა ნიდერლანდების პარლამენტს - სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

"თუ ამ აგრესიას ახლა არ შევაჩერებთ, შესაძლებელია ის ნებისმიერი ევროპული ქვეყნის საზღვრებს მიადგეს... რუსეთის შესაჩერებლად უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ" - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პარლამენტს. 

გთავაზობთ ზელენსკის მიმართვას სრულად, ქართულ ენაზე:

ბატონო პრემიერო მარკ, ძვირფასო პარლამენტარებო და მთავრობის წევრებო, მეგობრებო,

პატივი მაქვს, ვიყო უცხო ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, რომელიც თქვენს პარლამენტში სიტყვით მოგმართავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისეთ მძიმე ვითარებაში, როგორშიც უკრაინა და ევროპაა, პირადად მოგიყვეთ, რა ხდება უკრაინაში.

ეს ეხება მშვიდობას, რომლისთვისაც მილიონობით ევროპელი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა და რომელიც ერთი გადაწყვეტილებით განადგურდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ მშვიდობას საფრთხე არ დამუქრებოდა, თუმცა ახლა ყველაფერი თავიდან მეორდება. მართალია, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ერთ ევროპულ ქვეყანაში ხდება, თუმცა მეორე მსოფლიო ომიც ასე, ერთი ქვეყნის განადგურებით დაიწყო. შემდეგ იყო როტერდამი, ლონდონი და ომი რომელმაც მთელი ევროპა ჩაირთია.

თუ ამ აგრესიას ახლა არ შევაჩერებთ, შესაძლებელია ის ნებისმიერი ევროპული ქვეყნის საზღვრებს მიადგეს. რუსეთსაც მხოლოდ ეს უნდა. დღეს უკვე 36-ე დღეა ჩვენი ერი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს არმიას პირისპირ და მედგრად ებრძვის.

რუსეთი უკრაინის, უკრაინელი ერის, თავისუფლებისა და მშვიდობის წინააღმდეგ საბრძოლველად ათწლეულები ემზადებოდა. რუსეთი ყველა რესურსს ჩვენს წინააღმდეგ იყენებს. მარიუპოლი სამი კვირაა სრულ იზოლაციაშია. ბლოკირებულია და ალყაშია. უსიცოცხლოდ, უწყლოდ, საკვებისა და აუცილებელი მედიკამენტების გარეშე. რუსები ზუსტად ისე მოქმედებენ, როგორც ნაცისტები. მათ ჩვენი მარიუპოლელების იძულებითი დეპორტაცია მოახდინეს. ეს ადამიანები რუსეთის ტერიტორიაზე წაიყვანეს. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ რუსეთის შესაჩერებლად. უფრო უნდა გავერთიანდეთ. არ უნდა მივცეთ რუსეთის უფლება, ეს ომი კიდევ მომდევნო 36 დღე გაგრძელდეს. უნდა ვაიძულოთ, მშვიდობა ეძებოს.

ომმა ასობით ბავშვი და ათასობით მოქალაქე უკვე იმსხვერპლა. გაანადგურა ათი ათასობით შენობა. ყველაფერი გაძარცვულია. რუსები ძარცვავენ ყველაფერს, იპარავენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია ადამიანმა თან წაიღოს. ომის მოსაგებად ქალებს ხოცავენ. ცდილობენ ტერორი დათესონ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით.

მადლობა ნიდერლანდებს მკაფიო მხარდაჭერისთვის. სანქციების დაწესების საკითხში ლიდერობისთვის. მადლობა, რომ რუსულ ბიზნესს უარი უთხარით. თქვენ დროებით გადაადგილებული უკრაინელები შეიფარეთ, რაც დიდი მხარდაჭერა და დახმარებაა. რუსეთი არ ჩერდება და აქტიურ მოქმედებებს აგრძელებს.

ჩვენ ოკუპანტის შესაჩერებლად მეტი უნდა გავაკეთოთ. მშვიდობა უნდა დავაბრუნოთ და თავისუფლება დავიცვათ. ჩვენ სიცოცხლეები უნდა გადავრჩინოთ. ამისთვის კი მთავარია, ომი შეწყდეს და ევროპაში ომი არასოდეს მოხდეს. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ქვეყანა განადგურებული და დანგრეული ქალაქების აღდგენაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ უკრაინელ ხალხს მარტო არ დატოვებთ.

მადლობა.

დიდება უკრაინას! - აცხადებს ზელენსკი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი