"დაე, მოსკოვში არ დაავიწყდეთ, რომ სანქციები კიდევ გაგრძელდება" | ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

"დაე, მოსკოვში არ დაავიწყდეთ, რომ სანქციების პოლიტიკა კიდევ გაგრძელდება და უფრო გაძლიერდება. სანამ რუსეთი უფრო მეტ ძალისხმევას არ ჩადებს მშვიდობის დამყარებაში, ვიდრე ჩვენს განადგურებაში დებს, სანქციები არ შეჩერდება და ეს იქნება უალტერნატივო გზა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. 

გთავაზობთ მის მიმართვას სრულად, ქართულ ენაზე: 

უკვე დასრულდა თავდაცვის 36-ე დღე. ვერ ვიჯერებ, მაგრამ მარტი სრულიად შეუმჩნევლად მიიწურა. ყოველი დღე და ღამე ჩვენთვის ერთი და იგივე გახდა. ჩვენი მიზანია, თავი დავიცვათ, მტერი ვიპოვოთ და განვდევნოთ ქვეყნიდან. მტერი ცდილობს, ყველა მხრიდან შემოიჭრას, საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო მიმართულებებიდან და ჩვენს ტერიტორიაზე გამაგრდეს. მათ გულში ძალიან დიდი ბოროტება აქვთ, წვავენ, ძარცვავენ, თავს ესხმიან და ცდილობენ მოკლან, მაგრამ როცა შენ საკუთარ მიწაზე ხარ, ყველაფერი გეხმარება. მიწა, მდინარე, თითოეული ადამიანი, ისიც, ვისგანაც დახმარებას არ ელოდი.

ჩვენ იმაზე უფრო დიდხანს გავუძელით ამ ყველაფერს, ვიდრე მტერი ფიქრობდა. ფიქრობდნენ, რომ ქვეყნის დასაპრყობად 3 ან 5 დღე დასჭირდებოდათ. უკვე 36 დღე გავიდა. ჩვენ კი მედგრად ვდგავართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ძალა გვეყოფა, რამდენი შესაძლებლობაც გვექნება.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უხარია და სიამოვნებით კითხულობს იმ ახალ ამბებს, რომელსაც მედია ჩვენი ქალაქების ეტაპობრივ გათავისუფლებაზე ავრცელებს. ეს სიმართლეა. ჩვენი შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია და პოლიცია, დაზვერვა, თითოეული მათგანი ყოჩაღები არიან, რისთვისაც დიდი მადლობა. 

კიევის ოლქიდან, ჩერნიგოვიდან, სუმიდან მტრის განდევნა ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი თავად ამბობენ, რომ იმ ინტენსიურობით ბრძოლის გაგრძელება არ შეუძლიათ, როგორსაც მარტის პირველ ნახევარში ახორციელებდნენ. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი საუბრები და ქცევები რუსებისთვის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია. ვიცით მათი გეგმები, ჩანაფიქრები, მიზნები, ისინი გადიან იმ ტერიტორიებიდან, სადაც ჩვენ მათ ვანადგურებთ და ყურადღება სულ სხვა ადგილებზე გადააქვთ, რომლებიც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია. 

ამიტომ, ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია ემოციების შეკავება, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება თითოეულ ჩვენგანს ერთნაირად გვსურს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ წინ კიდევ ბევრი ბრძოლა იქნება. უნდა გავიაროთ ძალიან ბევრი გზა იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც ჩვენია. თითოეულმა ჩვენგანმა ისე უნდა იბრძოლოს, როგორც მას შეუძლია. მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, ჩვენს ჯარისკაცებს, თავდაცვას. ბავშვებმა "ლაიქებით", მშობლებმა ტკბილი სიტყვებით, ყველა იმ რესურსითა და შესაძლებლობით რაც გვაქვს და რაც უკრაინას შეუძლია. შეიკავეთ ემოციები და აიმაღლეთ საბრძოლო განწყობა გამარჯვებამდე. 

ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 136 უკრაინელი გმირი სამხედრო დავაჯილდოვე. დიდი მადლობა მათ. 

დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ანტიგმირებს ეხება. ახლა იმის საშუალება არ მაქვს, რომ ყველა საკითხს ერთნაირად მივხედო, თუმცა ისინი შესაბამისად აუცილებლად დაისჯებიან. ის ჯარისკაცები ან ოფიცრები, რომლებსაც დაავიწყდათ უკრაინელი ხალხის წინაშე დადებული ფიცი და ერთგულება, ჩვენი სამშობლოსა და თავისუფლების დაცვა, აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემიან. 

ამასთან, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად მადლობას გადავუხდი ჩვენს გმირებს, ჩვენი შეიარაღებული ძალების წევრებს. 

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილსა და დონბასში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. ოკუპანტები თავიანთი ავადმყოფური იდეებით ხერსონის ოლქში ცდილობენ, მოიფიქრონ რაღაცა სტრუქტურა, რაც მათ იქ გამაგრების საშუალებას მისცემს. რა თქმა უნდა, მათთვის ამას არანაირი პერსპექტივა არ ექნება. რაც უფრო მეტად იაქტიურებენ, მით მეტი დანაკარგი ექნებათ. ამასთან, მტერი მარიუპოლისა და ხარკოვის მისადგომებთან სამხედრო პოტენციალის გაზრდას ცდილობს. ჩვენ ისევ დავიცავთ ჩვენს ქალაქებს და ისევ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებში იქნება. 

დღეს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტს მივმართე, ავსტრალიის, ბელგიის, ნიდერლანდების... სრული მხარდაჭერა ვიგრძენი და ახლა კონკრეტულ გამოხმაურებებს ველოდები, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას შეეხება. უნდა გავაგრძელოთ შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება, ვიდრე მტერი აგრესიას არ შეწყვეტს. ამის შესახებ ვესაუბრე შარლ მიშელსაც. ჩვენი პარტნიორებისგან მეტ დახმარებას დაუყოვნებლივ მოვითხოვთ. სანქციების გარდა, შარლ მიშელთან, ეკონომიკური დახმარებისა და ჩვენი აღმშენებლობისთვის საჭირო ფინანსებიც განვიხილე. ვისაუბრეთ უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებაზეც.

ანალოგიური შინაარსის საუბარი ჰქონდა ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან. განვიხილეთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეიმუშავა, რისთვისაც მადლიერი ვარ. 

დაე, მოსკოვში არ დაავიწყდეთ, რომ სანქციების პოლიტიკა კიდევ გაგრძელდება და უფრო გაძლიერდება. სანამ რუსეთი უფრო მეტ ძალისხმევას არ ჩადებს მშვიდობის დამყარებაში, ვიდრე ჩვენს განადგურებაში დებს, სანქციები არ შეჩერდება და ეს იქნება უალტერნატივო გზა. 

ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანსაც. ვისაუბრეთ უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე. ასევე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე. დიდი მადლობა თურქეთს, რომ მზად არიან, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები გახდნენ. 

რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც ჩვენს მოქალაქეებს დაუბრუნდებათ ყველაფერი, რაც მტერმა გაანადგურა. ამ დროისთვის უკვე შემოსულია 25 491 განცხადება. გევედრებით ყველას, რომ საზოგადოებას მოუყვეთ, რომ მთავრობამ დაიწყო მსგავსი პროგრამა და თუ ვინმეს ეს დახმარება სჭირდება, მოგვმართოს.

რაც არ უნდა იყოს, ჩვენ აქედანვე უნდა ვიფიქროთ ქვეყნის მომავალზე, იმაზე, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება, რადგან ჩვენ ახლა ზუსტად ჩვენი მომავალი ცხოვრებისთვის ვიბრძვით. და ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი შანსი, დავამყაროთ მშვიდობა და უსაფრთხოება უკრაინაში. დიდება ყველა ჩვენს გმირს, დიდება უკრაინას!, - განაცხადა ზელენსკიმ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი