
საოკუპაციო რეჟიმი გატაცებულ ყოფილ სამხედროს, ლევან მაჩაბელს ოფიციალურად ე.წ. საზღვრის კვეთას ედავება, თუმცა არ არის გამორიცხული, ბრალი დაუმძიმონ.
რეჟიმის განცხადებაში წერია, რომ ახალგაზრდა კაცი ოკუპირებულ ტერიტორიაზე "დივერსიის მოწყობას გეგმავდა".
"ვცდილობთ იქით მხარეს არ მოვხვდეთ, პატარა მიზეზიც საკმარისია და... ახლახან გავიგეთ, გორის მხარეს გაუტაციათ ქართველი. დივერსანტობას აბრალებენო და რამდენად მართალია, არ ვიცი. გზა თუ აერევა ადამიანს აუცილებლად დააკავებენ, მაგათკენ ერთი ნაბიჯიც რომ გადადგა, საკმარისია", - ამბობს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქე.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ლევან მაჩაბელი სოფელ ქერეს და ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა კაცი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ადგილობრივების, მათ შორის დათა პაპას მეუღლის, ვალია ვანიშვილის დასახმარებლად იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს შეიარაღებული ოკუპანტები გადმოვიდნენ ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ის ოკუპირებულ ცხინვალში წაიყვანეს.
გვიან ღამით, ცხინვალის პროპაგანდისტულმა მანქანამ, უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მაჩაბელი თავად გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც დივერსიის მოწყობას გეგმავდა. ავრცელებენ ვიდეოსაც, სადაც მაჩაბელი უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე საუბრობს. უცნობია სად და როდის არის ჩაწერილი ეს კადრები.
ასევე იხილეთ: