ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტზე მთლიანად უარი თქვა. როგორც ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში წერია, ამ თვის დასაწყისიდან ლიეტუვას რუსული გაზის იმპორტი არ განუხორციელებია.
"ლიეტუვის გაზის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის მეშვეობით. თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალის ოპერატორის Klaipedos Nafta-ს მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ განრიგში ჩანს, რომ თხევადი ბუნებრივი აირის სამი დიდი ტვირთი ყოველთვიურად მიაღწევს ტერმინალს, რაც საკმარისი იქნება ყველა მომხმარებლისთვის. საჭიროების შემთხვევაში, გაზის მიწოდება შესაძლებელია ლატვიიდან, ხოლო 1 მაისიდან - პოლონეთიდან",-წერია განცხადებაში.
აღსაღნიშნავია, რომ ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე უარი თქვა. ქვეყნის პრეზიდენტი მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს.
"ამ თვიდან ლიეტუვაში რუსული გაზი აღარ იქნება. წლების წინ ჩემმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყოველგვარი ტკივილის გარეშე გავწყვიტოთ ენერგეტიკული კავშირები აგრესორთან. თუ ეს ჩვენ შეგვიძლია, ამის გაკეთება დანარჩენ ევროპასაც შეუძლია",- წერს გიტანას ნაუსედა.