შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ აშშ-მ, შესაძლოა, რუსეთს "ძალიან მალე" დამატებითი სანქციები დაუწესოს. როგორც ნედ პრაისმა თქვა, აშშ რუსეთზე ზეწოლას მანამ გააგრძელებს, სანამ ის დეესკალაციას არ დაიწყებს.
"როცა საქმე ეხება ჩვენს სანქციებს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გავაგრძელებთ ზეწოლას პრეზიდენტ პუტინზე, კრემლზე, მის გარშემო მყოფებზე, მათ შორის ოლიგარქებსა და ახლობლებზე, ვინც აძლიერებს ამ ომს უკრაინის წინააღმდე, მანამ, სანამ კრემლი არ დაიწყებს დეესკალაციას, სანამ ძალადობა არ შემცირდება და სანამ არ დასრულდება ასეთი სისასტიკე. ასე, რომ ვფიქრობ, ძალიან მალე ნახავთ დამატებით ზეწოლას",-თქვა ნედ პრაისმა.
ნედ პრაისი ასევე გამოეხმაურა უკრაინის ქალაქ ბუჩადან გავრცელებულ სურათებს და თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ახლა უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე ინფორმაციას აგროვებს, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
"რაც შეეხება სურათებს ბუჩადან, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ რუსეთის ჯარებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას. ერთი, რომ ჩანდეს, რას აკეთებენ ისინი და მეორეო - უზრუნველვყოთ, რომ ყველა, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა, და ყველა, ვინც ამ სისასტიკის ბრძანება გასცა, პასუხისგებაში მიეცეს. ეს ჩვენი მისიაა",-აღნიშნა მან.