უკრაინა აცხადებს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ გააკეთა.
დაღუპულებს მას შემდეგ მიაგნეს, რაც ქალაქები რუსული ალყისგან და ჯარებისგან გათავისუფლდა. უკრაინელმა პროკურორებმა მხოლოდ კვირას შეძლეს ქალაქ ბუჩაში, ირპინსა და ჰოსტომელში პირველად შესვლა, ისინი ომის დანაშაულებს იკვლევენ. პროკურატურა ამბობს, რომ ზოგიერთი მოწმე იმდენად ტრავმირებულია, რომ არ შეუძლიათ ლაპარაკი.
ბუჩას მერმა ქალაქის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ რუსებმა 300 ადამიანი მოკლეს. მისი თქმით, გარდაცვლილები ნახეს მასობრივ საფლავებში, ცხედრების ნაწილი ქუჩებში იყო. ცხედებს ემჩნევათ ძალადობის კვალი, როგორც ჩანს ოკუპანტებმა მათი ნაწილის დაწვა სცადეს.
რუსეთი უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მისმა ჯარებმა ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს. მოსკოვი ამბობს, რომ არცერთ მცხოვრებს არ განუცდია რუსული ძალების მხრიდან ძალადობა და დაადანაშაულა კიევი დასავლური მედიისთვის შექმნილ პროვოკაციაში.