Maxar Technologies-ის ახალი სატელიტური სურათები ადასტურებს, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები კვირების განმავლობაში ქუჩაში იყო მიტოვებული. ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როცა ქალაქს რუსები აკონტროლებდნენ.
New York Times-მა პირველად ფოტოები ორშაბათს გამოაქვეყნა. შემაშფოთებელი ვიდეო, რომელშიც ჩანდა ცხედრები ბუჩას ქუჩებში, CNN-მა პარასკევს გაავრცელა. მედიამ გააკეთა ავთენტიფიკაცია და გეოლოკაციაც.
შაბათს ბუჩას კადრებზე საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვიდეო იყო "ყალბი" და "დადგმული". მასში ნათქვამია, რომ ვიდეო, ფოტოები და ომის დანაშაულების ბრალდებები "მორიგი პროვოკაციაა".
"იმ დროს, როცა დასახლება რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარებოდა, არც ერთ ადგილობრივ მცხოვრებს არ განუცდია ძალადობრივი ქმედებები", - აცხადებენ სამინისტროში.
მაგრამ სატელიტური სურათები უარყოფს რუსების პრეტენზიას: იაბლუსკას ქუჩაზე ნანახი ობიექტები სატელიტურ სურათებზე ემთხვევა ზუსტად იმ ადგილს, სადაც სხეულები ჩანს ქუჩაში გადაღებულ ვიდეოში.
სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ცხედრები ბუჩას სამხრეთით ერთ-ერთ ქუჩაზე სულ მცირე 18 მარტიდან იყო დატოვებული. CNN კომენტარისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.