ნიკოლაევში რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს გაჩერებაზე მდგარ მოქალაქეებს, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსის მგზავრებს - არის მსხვერპლი. ერთი ბავშვი და ერთი კაცი კი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
ნიკოლაევზე შეტევა გუშინ ორჯერ განახორციელეს - პირველად გავრცელდა ინფორმაცია სარაკეტო დარტყმის, მეორედ კი - კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ.
"ნიკოლაევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას ერთი ბავშვი დაიღუპა. კიდევ ცხრა კი იმ ჭურვს ემსხვერპლა, რომელიც სავაჭრო დახლებს ესროლეს. დაიჭრა 61 ადამიანი. არანაირი ლოგიკა არ არის. ადამიანები უბრალოდ დადიოდნენ ქალაქის ცენტრში, რუსი ოკუპანტები კი სმერჩებიდან, ურაგანებიდან ისვრიან. მესმის, როცა სამიზნეა სამხედრო ობიექტები, მაგრამ რა შუაშია ბავშვთა საავადმყოფო", - ამბობს ვიტალი კიმი, ნიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის უფროსი.
გარდა ამისა, ავდეევკაში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2, ხოლო დაშავდა 4 პირი. ხარკოვში კი ოკუპანტებმა ავტობუსების დეპო დაცხრილეს, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის.