მსოფლიოს არ უნდოდა დაენახა ყირიმის ოკუპაცია, საქართველოს წინააღმდეგ ომი, დნესტრისპირეთის რეგიონის მოგლეჯა - ზელენსკი გაეროს

გამოქვეყნდა:

მსოფლიო უყურებდა და არ უნდოდა დაენახა ყირიმის ოკუპაცია, არც საქართველოს წინააღმდეგ ომი, არც მოლდოვასგან დნესტრისპირეთის რეგიონის მოგლეჯა და ის თუ როგორ ემზადებოდა რუსეთი სხვადასხვა კონფლიქტებისთვის - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს წინაშე ვიდეომიმართვისას.

ზელენსკის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: 

"დიდი მადლობა რომ მომეცით საშუალება გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოვიდე. გუშინ უკრაინულ ქალაქ ბუჩაში ვიმყოფებოდი, რომელიც მტრის ოკუპაციისგან ახლახან გავათავისუფლეთ. არ არსებობს სამხედრო დანაშაული რომელიც მტერმა იქ არ ჩაიდინა. რუსმა ჯარისკაცებმა მოძებნეს და დახოცეს ყველა ვინც სამშობლოს ემსახურებოდა. ისინი ხოცავდნენ ყველას ვისაც გადააწყდებოდნენ. კლავდნენ მცირეწლოვნებს და ზრდასრულებს, ქალებს და ბავშვებს, შემდეგ კი მათი ცხედრების დაწვას ცდილობდნენ. მარადიული ხსოვნა იმ ადამიანებს რომლებსაც ოკუპანტები სიამოვნების მისაღებად კლავდნენ. ქალებზე ძალადობენ და შვილების თვალწინ კლავენ. რუსეთი მუდმივად ეწევა განადგურების პოლიტიკას. რას უშავებდა ეს ქალაქები რუსეთს. სად არის ის უსაფრთხოება რომელიც გაეროს უსაფრთხოების საბჭომ უნდა უზრუნველყოს?!  არ არის! სად არის ის მშვიდობა რომლის დასამყარებლადაც გაერო შეიქმნა ?! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მშვიდობა. უბრალოდ ეს ორგანიზაცია ეფექტურად ვერ მუშაობს. ჯერ ბუჩა ვნახეთ, ველოდებით სხვა რეგიონებსაც. გეოგრაფია განსხვავებულია, თუმცა დანაშაული და სისასტიკე ერთი და იგივე. ამიტომ სასჯელი უმკაცრესი უნდა იყოს. ბატონებო და ქალბატონებო, მინდა გაეროს მუხლები შეგახსენოთ. დღეს გაეროს პირველი მუხლი უკვე ირღვევა და თუ ეს ახე ხდება, მაშინ სხვა მუხლების არსებობას რა აზრი აქვს. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე უმძიმესი დანაშაულები ხდება. შეგნებულად ბომბავენ ქალაქებს, შეგნებულად ბლოკავენ დასახლებებს და შიმშილს იწვევენ, ისვრიან იმ მოქალაქეების მიმართულებით რომლებიც სამხედრო მოქმედების ზონიდან გაქცევას ცდილობენ, ასევე ბომბავენ თავშესაფრებს. ბევრი ქალაქია იგივე ვითარებაში, როგორშიც ბუჩა. რუსები ყველაფერს უარყოფენ და ყველაფერს გააკეთებენ, ოღონდ თავი გაიმართლონ. იტყვიან რომ ვიდეოები დადგმულია, სცენარი სპეციალურად მოტანილია. მეგობრებო 2022 წელია. არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები და სატელიტები. არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენი მიზანია რომ ჟურნალისტები მაქსიმალურად დავუშვათ ამ ადგილებში. რუსეთმა ათასობით ადამიანის დეპორტაცია მოახდინა და ისინი რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანა. მათ 2000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. წარმოიდგინეთ, 2000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. რუსეთს უნდა რომ უკრაინელები მონებად აქციოს. ძარცვავენ სახლებს, და სოფლებს. ეს მაროდიორობაა. საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც გაეროში ვეტოს უფლებას, სიკვდილის უფლებას იყენებს. სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას ანადგურებს. თუ ეს გაგრძელდება, მაშინ მხოლოდ იძულებულები ვიქნებით თავდაცვისა და მშვიდობის დასამყარებლად სამხედრო ძალები გამოვიყენოთ და არა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები. გაერო საერთოდ არ იმუშავებს. მეგობრებო მზად ხართ რომ გაერო დახუროთ, ან ფიქრობთ რომ საერთაშორისო სამართლის დრო ამოიწურა ?! მოქმედებაა საჭირო. დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. გაეროს წესდებას რეფორმირება სჭირდება. ვეტოს უფლება სიკვდილის მექანიზმი არ უნდა იყოს. ტირანიამ ისეთი მკაცრი პასუხი უნდა მიიღოს, რომ ომის დაწყებაზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ სრულიად უნდა გაუქმდეს. თავის დროზე გარანტირებული რომ ყოფილიყო უსაფრთხოება, ომი შესაძლებელია არ ყოფილი ჩემს ქვეყანაში, ჩემი ხალხის წინააღმდეგ. მსოფლიო კი უყურებდა და არ უნდოდა დაენახა ყირიმის ოკუპაცია, არც საქართველოს წინააღმდეგ ომი, არც მოლდოვასგან დნესტრისპირეთის რეგიონის მოგლეჯა და ის თუ როგორ ემზადებოდა რუსეთი სხვადასხვა კონფლიქტებისთვის. როგორ უნდა შევაჩეროთ ეს?! დაუყოვნებლივ მიეცეს პასუხისგებაში რუსი სამხედროები და ის პირები, ვინც დანაშაულებრივი ბრძანებები გასცეს. ყველა მათგანი ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის ანალოგიური ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ. მოგიწოდებთ რომ გაეროს რეფორმების შესახებ კონფერენცია მშვიდობიან კიევში გავმართოთ. უფრო გადამწყვეტად უნდა ვიმოქმედოთ. არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული წევრი. ყველა თანასწორუფლებიანი უნდა იყოს. მზად ვართ უკრაინაში შევქმნათ ისეთივე ოფისი როგორც ჟენევაში." თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროსთვის მიმართვაში.

გაეროს უშიშროების საბჭო ბუჩაში, ოკუპანტების დანაშაულთან დაკავშირებით, სხდომას მართავს. სხდომა დიდმა ბრიტანეთმა მოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი