ქალაქ ბუჩას მერი ამბობს, რომ დაახლოებით 320 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს რუსეთის ჯარებმა ოკუპაციის დროს. ამ თემაზე ის BBC-ს ესაუბრა.
ანატოლი ფედორუკის თქმით, პირადად შეესწრო მოსკოვის ძალების მიერ რამდენიმე ადამიანის სიკვდილით დასჯას.
"რამდენიმე ეპიზოდი ვნახე. იყო სამი სამოქალაქო მანქანა, რომლებიც ცდილობდნენ ევაკუაციას კიევისკენ და ისინი სასტიკად დახვრიტეს. იყო ორსული ქალი, რომლის ქმარი ყვიროდა და სთხოვდა არ ესროლათ, მაგრამ მათ უბრალოდ სასტიკად დახვრიტეს", - თქვა ქალაქის მერმა.
მანვე აღნიშნა, რომ რუსული ძალები ადგილობრივ პოლიტიკოსებზე "ნადირობდნენ".
ამასთან, ფედორუკმა მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელმაც ბუჩაში მოსკოვის ჯარების სამხედრო დანაშაულები უარყო და მოუწოდა, ჩავიდეს ქალაქში, ნახოს დაღუპულთა ცხედრები და თვალებში ჩახედოს მათ ოჯახებს, ბავშვებს, რომლებიც ობლად დარჩნენ.