რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის დღიდან უკრაინის დედაქალაქ კიევში, სულ მცირე 89 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამას გარდა, ომის დაწყების დღიდან კიევში დაშავდა 398 ადამიანი, მათგან 20 ბავშვია.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, 24 თებერვლის შემდეგ კიევში 167 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ამასთან, რუსმა სამხედროებმა კიევში დააზიანეს 44 სკოლა, 11 ადმინისტრაციული შენობა, 26 საბავშვო ბაღი და ბავშვთა სახლი.
ასევე რუსული თავდასხმების შედეგად კიევში დაზიანდა ორი სპორტული ობიექტი, ხუთი სოციალური დაწესებულება, 17 ჯანდაცვის დაწესებულება, 10 კულტურული დაწესებულება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის 48 ობიექტი.
ადმინისტრაციამ კიევის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ პირველივე განგაშის დროს თავშესაფარში შევიდნენ - "კიევი უფრო უსაფრთხო გახდა, თუმცა საჰაერო თავდასხმის საფრთხე კვლავ რჩება" - ნათქვამია გაფრთხილებაში.
მათ კი ვინც დედაქალაქი უკვე დატოვეს, ადმინისტრაციამ მოუწოდა, დაბრუნებისგან თავი შეიკავონ.