დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება და ეტყვის, რომ "რუსეთთან ურთიერთობის ხანა დასრულდა" - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრასის განცხადებით, დრო აღარ არის "ცრუ კომფორტისთვის". მისივე თქმით, რუსეთს კიევიდან ჯარები რეალურად არ გაჰყავს და ის უბრალოდ პოზიციებს იცვლის, რათა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შეუტიოს.
NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ტრასი კოლეგებს ეტყვის, რომ დროა NATO-მ თავისი პასუხები გაამკაცროს და დაიწყოს სტრატეგიული ქმედება.
"ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებულია გამძლეობაზე, თავდაცვასა და შეკავებაზე",-თქვა ლიზ ტრასმა.
ტრასიმ ასევე აღნიშნა, რომ NATO-რუსეთის შეთანხმება, რომელსაც ხელი 1997 წელს მოაწერეს, აღარ არსებობს.