უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ, ჟურნალისტების მძიმე კითხვებს უპასუხა. მათ შორის მან პასუხი გასცა კითხვას, რას ფიქრობს იმაზე, რომ რუს ტყვეებს აწამებენ.
კულებმა ხაზგასმით თქვა, რომ გმობს ომის კანონების დარღევევას და ამავდროულად გაახსენა საზოგადოებას, რომ უკრაინაში რუსი ჯარისკაცები ქალებსა და ბავშვებს აუპატიურებენ და აღნიშნა, რომ ისინი ამ გრძნობას "ვერ გაიგებენ".
"ვიდეო, რომელშიც, თითქოს, უკრაინელი ჯარისკაცები დატყვევებულ რუს სამხედროებს ხვრიტავენ, არ მინახავს, თუმცა მსმენია. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ომის კანონებს იცავენ. შესაძლოა, იყოს ცალკეული შემთხვევები ამ წესების დარღვევის, რომლებიც აუცილებლად იქნება გამოძიებული. ამავე დროს, მე უნდა შევამოწმო ამ ვიდეოს გადაღების თარიღი, იმიტომ, რომ თქვენ უნდა გესმოდეთ ერთი რამ, თუმცა არა, თქვენ ამას ვერ გაიგებთ., თქვენ ვერ გაიგებთ რა გრძნობაა, როცა ბუჩას სურათებს უყურებთ... როდესაც უსმენ ადამიანს, რომელიც გიყვება, როგორ აუპატიურებდნენ 4 დღის განმავლობაში და კიევში რომ ჩამოაღწია, ფსიქიატრიულში წაიყვანეს, თქვენ ვერ გაიგებთ, რას ნიშნავს, როცა რუსი ჯარისკაცები ბავშვებს აუპატიურებენ. ეს არ არის გასასამართლებელი საბუთი მათთვის, ვინც ომის კანონს არღვევს, უბრალოდ არის რაღაცები, რასაც თქვენ ვერ გაიგებთ",- ამბობს კულება.