უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, რომ რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს და მას დამატებით სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ზელენსკიმ, კიევში, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
საერთო ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანქციების დაწესებაზე სხვა ქვეყნებმა დიდი ბრიტანეთის მაგალითს უნდა მიბაძონ:
"არის ერთი საერთო დასკვნა: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, ზეწოლა ეფექტური დახმარებით უკრაინელი ხალხისთვის რუსეთისგან თავის დასაცავად, ზეწოლა სანქციებით. დროა, დაწესდეს სრული ემბარგო რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე და უფრო მეტი იარაღი მოგვაწოდონ ჩვენ",-თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ შეხვედრაზე მან ბორის ჯონსონს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს უნდა მოიცავდეს.
"ჩვენ ველით, რომ ლონდონი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს",-თქვა მან.