"ჩვენ ისე უნდა გავაძლიეროთ უკრაინა, რომ მას ვეღარავინ დაესხას თავს და ვეღარავინ დაემუქროს", - ამის შესახებ კიევში მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.
ბორის ჯონსონის თქმით, ვლადიმირ პუტინს თავდაპირველი გეგმა წყალში ჩაუვარდა და ახლა ის გადაჯგუფებას ახდენს, რათა დონბასზე მიიტანოს მძლავრი შეტევა, თუმცა დასავლეთი მას კიდევ უფრო მეტი სანქციებით უპასუხებს, რომელთა შორის რუსულ ენერგორესურსებზე სრული ემბარგოს დაწესება იქნება.
"მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო აღფრთოვანება უკრაინელი ხალხის სიმამაცის გამო. ამ დღეებში აღმოვაჩინეთ ახალი გმირები და ესენი არიან უკრაინელი ადამიანები. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, რუსებს სჯეროდათ, რომ უკრაინას გადაყლაპავდნენ რამდენიმე დღეში, კიევი კი რამდენიმე საათში დაეცემოდა, ასე არ მოხდა და ეს თქვენი საოცარი ლიდერობის დამსახურებაა.
ახლა პუტინი უკან იხევს მაგრამ გადაჯგუფებას ახდენს, რათა დონბასზე ზეწოლა გააძლიეროს. ამის საპასუხოდ, ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე და დავაწესებთ ახალ სანქციებს. ეს იქნება არა მხოლოდ სანქციები ოლიგარქებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, არამედ უარის თქმა რუსულ რესურსებზე. გარდა ამისა, მოვახდენთ უკრაინასთან ვაჭრობის ლიბერალიზებას, რათა ამ ქვეყნის ეკონომიკას დავეხმაროთ. ასევე, უნდა დავეხმაროთ ამ ქვეყანას განაღმვით სამუშაოებში", - თქვა ბორის ჯონსონმა.
ცნობისთვის, ბორის ჯონსონი გუშინ უკრაინაში ყველასათვის მოულოდნელად ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.