უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ტერიტორიიდან სამხედროები გაიყვანა, კიევის რეგიონში 1 222 ცხედარი აღმოაჩინეს.
როგორც ირინა ვენედიქტოვამ Sky News-ს განუცხადა, ხელისუფლება რუსი სამხედროების მხრიდან ჩადენილ 5 600 სავარაუდო სამხედრო დანაშაულის შემთხვევას იძიებს. მისივე ინფორმაციით, დაადგინეს 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი სამხედრო დამნაშავე, მათ შორის რუსეთის უმაღლესი სამხედრო და სამთავრობო მაღალჩინოსნები.
"რასაც ჩვენ კიევის ყველა რეგიონში ვხედავთ, ომის დანაშაულია, დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს გამოვასწოროთ",- თქვა მან.
ვენედიქტოვამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას მტკიცებულება აქვს, რომ რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა მატარებლის სადგურზე აღმოსავლეთ ქალაქ კრამატორსკში, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ცნობისთვის, რუსეთი უარყოფს, რომ პარასკევს, 8 აპრილს კრამატორსკში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელია და ამტკიცებს, რომ ეს მათი რაკეტა არ ყოფილა.