გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, გელა კაპანაძე დაახლოებით ნახევარი საათია აუდიტის შეკითხვებს პასუხობს - კაპანაძე უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც თაღლითური სქემისა და გამქრალი ნახევარი მილიონის შესახებ "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, ბუღალტერი მითვისებულ თანხას აბალანსებდა იმით, რომ სამსახურიდან თანამშრომლებს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უხელფასო შვებულებაში უშვებდა.
"ტრადიციულად, ყოველწლიური შემოწმებაა. მეც ახლა დამიბარეს და მთხოვეს მობრძანება. ჩემთვის უცნობია აღნიშნული ფაქტის [გამქრალი მილიონის] შესახებ. არ ვიცოდი [ბიტკოინებზე] მერე გავიგე, როგორც ყველამ. მე ვერაფერს გეტყვით, ბუღალტერს რა თქმა უნდა აქვს წვდომა ხაზინასთან",- ამბობს გელა კაპანაძე.
"მთავარი არხის" ინფორმაციის, "მოდულში" გამოკითხვაზე იმყოფება გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ფინანსური მენეჯერი, ქალი, რომელიც სავარაუდოდ, 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტის თანხას თაღლითურად ეუფლებოდა. ჯამში მან ნახევარი მილიონი გადარიცხა აზარტული თამაშების ანგარიშზე.
ცნობისთვის, გორის მერიის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლისას, სახელმწიფო აუდიტმა მძიმე ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. "მთავარის" ინფორმაციით, გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოდან გამქრალია ნახევარი მილიონი ლარი, წინასწარი ინფორმაციით, ბიუჯეტის თანხას ფინანსური მენეჯერი, ეტაპობრივად აზარტული თამაშების ანგარიშებზე რიცხავდა. ეს ის სააგენტოა, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ კულტურის სახლში ცოტა ხნის წინ, ბიტკოინების ქარხანა იქნა აღმოჩენილი.
ამავე თემაზე: