უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ჟურნალისტი, რომელიც რუსმა სამხედროებმა საკუთარი სახლიდან წაიყვანეს, გაათავისუფლეს. ირინა დუბჩენკო ტყვეობიდან 8 აპრილს გამოუშვეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა.
"ჩვენ მაშინვე საჯაროდ არ განვაცხადეთ. დავიცადეთ სანამ არ დავრწმუნდით, რომ ის უსაფრთხოდ იყო",-დაწერა მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელში.
უკრაინელი ჟურნალისტი რუსმა სამხედროებმა 26 მარტს, ქალაქ როზივნკაში დააკავეს. რუსმა სამხედროებმა მისი სახლი გაჩხრიკეს და თქვეს, რომ მათ მისი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ "ყველაფერი იცოდნენ", ასევე იცოდნენ, რომ დუბჩენკო "უკრაინელ ჯარისკაცებს მალავდა".
ჟურნალისტი თავდაპირველად დონეცკში წაიყვანეს, სეპარატისტთა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, სადაც რუსი სამხედროების თქმით, მას პასუხი უნდა ეგო უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობისთვის. მოგვიანებით ის დონეცკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სტარობეშევში გადაიყვანეს, სადაც გათავისუფლებამდე დაკავებულ მოხალისეებთან და უკრაინელი სამხედროების ცოლებთან ერთად ჰყავდათ.