უკრაინა დონბასის რეგიონში ბრძოლისთვის ემზადება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობას, სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია, რადგან ბრძოლა მძიმე იქნება.
ევაკუაციისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
"თქვენი შეგნებული დამოკიდებულების იმედი მაქვს თქვენივე სიცოცხლის უსაფრთხოებისა და შვილების მიმართ. დაეხმარეთ ჩვენს დამცველებს და მიეცით საშუალება სამხედროებს იმოქმედონ შეუზღუდავად, გააკეთონ თავისი საქმე და ამ დროს არ ფიქრობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე. მალე გავიმარჯვებთ!!!" - ამბობს ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი.
ქვეყნის აღმოსავლეთით რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეტევისთვის მზადებაზე ინფორმაციას ადასტურებს ფრანგული მხარეც. საფრანგეთის სამხედრო შტაბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთი გააძლიერებს ძალისხმევას უახლოესი 10 დღის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის.
"მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, უახლოესი 10 დღის განმავლობაში რუსეთი გააძლიერებს ძალისხმევას უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის - რომ დაიპყროს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები. ან მიაღწიოს დნეპრამდე, თუ ამის შესაძლებლობა ექნება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ბომბავდა იმიტომაც რომ ლოგისტიკური გადაადგილება და შესაძლებლობები გაენადგურებინა. ამის დასტურია დნეპრის აეროპორტის სრულიად დანგრევა. ამასთან, ამ ეტაპისთვის რუსეთს აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიების დაპყრობის მხრივ წარმატებები არ აქვს", - თქვა საფრანგეთის სამხედრო შტაბის წარმომადგენელმა, პასკალ ლანიმ.
ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთი ახლა ბრძოლის მთავარი ეპიცენტრია.