
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა წერს, რომ რუსეთი უკრაინის ქალაქ ხერსონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას 1-ლი მაისიდან 10 მაისის პერიოდში აპირებს.
"რასისტები არ ამბობენ უარს განზრახვაზე, შექმნან ე.წ. ხერსონის რესპუბლიკა და აპირებენ გამოიყენონ 2014 წელს, ლუგანსკსა და დონეცკში ჩატარებული ფსევდორეფერენდუმის სქემა, როცა ხალხის ძალაუფლების რაიმე გამოვლინების ნაცვლად, მხოლოდ სურათი შეიქმნა რუსული ტელევიზიისთვის.
მოწმეების თქმით, ქალაქ ნოვა კახოვკაში "სტამბა" "რეფერენდუმის " ბიულეტენებს ბეჭდავს. ცხადია, "კენჭისყრის" შედეგების ყველა ოქმი წინასწარ მომზადდება და გადაეცემა რეგიონულ ცენტრს. ფსევდორეფერენდუმი იგეგმება 2022 წლის 1-ლი მაისიდან 10 მაისის პერიოდში.
ამ დროს ისინი აპირებენ ხერსონის შესასვლელისა და გასასვლელის დახურვასა და ყველანაირი კომუნიკაციის გათიშვას.
დამპყრობლებს გაუჭირდებათ "რეფერენდუმის" ჩატარება, რადგან მიუხედავად რასისტების მიერ იარაღის გამოყენებისა და აქციების ძალადობრივი დარბევისა, ხერსონის გმირი მოსახლეობა აგრძელებს ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს ლოზუნგით "ხერსონი უკრაინაა!" წერს ლუდმილა დენისოვა.
ის გაეროს საგამოძიებო კომისიას მიმართავს, დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და გამოიძიონ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და ომის დანაშაულები უკრაინაში - "ხერსონი იყო, არის და იქნება უკრაინა!",-წერს ლუდმილა დენისოვა.