
ცნობილია ვინ არის კრეისერ "მოსკოვის" ერთ-ერთი დაღუპული მეზღვაური - მიჩმანი ივანე ვახრუშევი გემის ჩაძირვის შედეგად დაიღუპა. ინფორმაცია "რადიო თავისუფლებას" მისმა მეუღლემ დაუდასტურა. მიუხედავად ამისა, რუსეთი აცხადებს, რომ ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია.
ირკვევა, რომ ცხედარი იპოვეს, მაგრამ გარდაცვალების გარემოებები ბუნდოვანია. დაღუპულის მეუღლე ამბობს, რომ ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კრეისერ მოსკოვის ეკიპაჟის 27 წევრი.
ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყებამ ვიდეო გაავრცელა, სადაც კრეისერის ევაკუირებულ ეკიპაჟს საზღვაო ძალების მთავარსარდალი ხვდება, თუმცა კადრებში მხოლოდ ასამდე მეზღვაური ჩანს.
რა დაემართა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს - უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი მხოლოდ მოკლე პასუხით შემოიფარგლა და თქვა რომ ჩაიძირა. ეს ერთი-ერთში ემთხვევა ვერსიას, რომელსაც პუტინი მიჰყვება. ოფიციალურ მოსკოვს არ სურს აღიაროს რომ მათი შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი უკრაინელი სამხედროების ნასროლმა ნეპტუნმა გაანადგურა.