"ჩვენი ბიჭები მზად არიან, ბოლომდე იბრძოლონ... ელიან, რომ ცივილიზებული სამყარო მათთან ერთად იბრძოლებს" | ინტერვიუ აზოვის ბატალიონის მეთაურთან

გამოქვეყნდა:

აზოვის ბატალიონის მეთაურის თქმით, რუს ოკუპანტებს მარიუპოლიდან მოსახლეობა რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ რეგიონში განთავსებულ საკონცენტრაციო ბანაკებში მიჰყავთ. როგორც ანდრეი ბილეცკი ამბობს, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანაა.

"მარიუპოლში, აზოვსტალში დაბომბვები არ წყდება, იერიშებმა ინტენსიური სახე მიიღო, საშინელება ის არის, რომ ქალაქში ჩვენი ჯარისკაცების გარდა ადგილობრივი მოსახლეობაც იმყოფება, რომელსაც ამ ვითარების ძალიან ეშინიათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბუჩაში, ირპენსა და სხვა ქალაქებში მოხდა.

დარჩენილ მოქალაქეებს შორის ძალიან ბევრი ქალი და ბავშვია, არიან დაჭრილებიც. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის ევაკუაცია და ზაპაროჟიეს ოლქში გადაყვანაა, რადგან მტერს ასობით ადამიანი რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ რეგიონში განთავსებულ საკონცენტრაციო ბანაკებში მიჰყავთ.

რუსეთი ამ დრომდე უარს აცხადებს ნებისმიერი სახის დიალოგსა და ჰუმანიტარული დერეფნების გამართვაზე. ისინი ითხოვენ, რომ მებრძოლებმა იარაღი დაყარონ, თუმცა არსებობს ომის წესები, თითოეული ბატალიონის მეთაური თავად გადაწყვეტს დაყრიან იარაღს თუ იბრძოლებენ.

მტრის მიერ საკუთარი მოთხოვნების შესასრულებლად მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყენება ტერორიზმია და არა საომარი მოქმედებები", - თქვა ანდრეი ბილეცკიმ.

ბილეცკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს შეიარაღებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, თუმცა ისინი მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ.

"ჩვენი ჯარისკაცები მძიმე მდგომარეობაში არიან და მშვიდობიან მოქალაქეებზე ნერვიულობენ. რუსებს სთავაზობენ და სთხოვენ, რომ მოქალაქეებისთვის დერეფანი გახსნან. ჯარისკაცებს შეიარაღებასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები აქვთ, რადგან ქალაქი ორი თვეა ალყაშია, მაგრამ ბიჭები მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ. ელოდებიან, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათთან ერთად იბრძოლებს", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი