
ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ სამშაბათს მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ეს ხდება მას შემდეგ, რაც რეგიონში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს და ქალაქი კრემინა რუსულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს.
მისი თქმით, პოლიცია ხანდაზმულებს და სხვა ადამიანებს ავტობუსებამდე მისვლაში, ასევე, თავშესაფრებში გადასვლაში დაეხმარება.
"გთხოვთ, ევაკუაციას ახლავე! კრემინას მცხოვრებლებმა ეს დროულად ვერ შეძლეს, ახლა ისინი მძევლები არიან. [...] როცა ხედავთ პოლიციის პატრულს, არ დააყოვნოთ, ეს არის გაქცევის შანსი, დღითიდღე ნაკლებია ევაკუაციის შესაძლებლობა", - განაცხადა გაიდაიმ.
მისი თქმით, ევაკუაცია მოხდება იმის მიუხედავად, რომ რუსულმა ძალებმა უარი თქვეს ცეცხლის შეწყვეტაზე.
ოფიციალურად მესამე დღეა უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა ვერ ხერხდება. რუსეთი ახლა ფართომასშტაბიან შეტევას უკრაინის აღმოსავლეთით აწარმოებს, მას დონბასის რეგიონზე კონტროლის დამყარება სურს. ორშაბათს, რუსული ძალები შევიდნენ ქალაქ კრემინაში.