
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელები, ხუთშაბათს, 21 აპრილს, უკრაინის პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს შეხვდებიან, რათა უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხი განიხილონ.
"ხუთშაბათს მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება, სადაც უკრაინის პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს შევხვდებით. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც უკრაინას მხარს უჭერს, შეხვედრას დაესწრება და იმედი გვაქვს, რომ უკრაინას დახმარებას გავუწევთ, მაშინ, როცა ისინი ბრძოლაში გადარჩენას ცდილობენ",- თქვა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, ის შაბათ-კვირას უკრაინის რეკონსტრუქციაზე პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა. მისივე ინფორმაციით, მათ განიხილეს ომის მიმდინარეობისას ეკონომიკის ფუნქციონირების შენარჩუნების საკითხი.
კრისტალინა გეორგიევას თქმით, უკრაინის მხარდაჭერა მათი ვალია მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც უფრო მეტ ფინანსურ დახმარებას მოითხოვს, ვიდრე უკვე გაცემულია.
"ჩვენ გამოვყავით $1,4 მილიარდი გადაუდებელი ფინანსური დახმარება, მაგრამ უფრო მეტი იქნება საჭირო და ეს იქნება დიდი ინვესტიცია მომდევნო თვეების განმავლობაში ეკონომიკის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად და ინფლაციის ზრდის თავიდან ასაცილებლად",-თქვა მან.