
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირში უკრაინის წევრობის კანდიდატობაზე კომისია მოსაზრებას ივნისის ბოლოს გამოაქვეყნებს.
მიშელმა განცხადება კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, განხილვას 8 თვე სჭირდება, თუმცა როგორც მიშელმა აღნიშნა, უკრაინა თავისი ქმედებებით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ისინი დემოკრატიული ფასეულობებისთვის იბრძვიან.
"რა თქმა უნდა ფინანსური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამაზე დეტალურადაც ვისაუბრეთ და თანხების მოზიდვაში ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვები, რათა დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობა. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ საქმეში ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სამხედრო დახმარებაა, პირველად ისტორიაში ევროკავშირმა გადაწყვიტა გამოყოს სამხედრო აღჭურვილობა ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენა იყო, მე სულ რამდენიმე საათი დამჭირდა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა დამერწმუნებინა ამის აუცილებლობაში, გარდა ამისა დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ მილიარდნახევარის ევროს გამოყოფა და ეს გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც უკრაინას დასჭირდება გამარჯვების მოსაპოვებლად.
მესამე მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური მხარდაჭერაა, მე სრულად ვუჭერ მხარს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო, როცა შემოიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. როგორც წესი 8 თვეა საჭირო რომ კომისიამ თავისი მოსაზრება გამოაქვეყნოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ კომისიის მოსაზრება გვექნება ივნისის ბოლოსთვის, რადგან თქვენი ქმედებები ყოველდღიურად გვარწმუნებთ, რომ თქვენ ერთგული ხართ დემოკრატიული პრინციპების და თქვენ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი ხალხის თავისუფლებისთვის, არამედ დემოკრატიული ფასეულობებისთვის",-თქვა შარლ მიშელმა.