თუ მართლა აპირებენ 9 მაისს გამარჯვება იზეიმონ, დრო კიდევ აქვთ, დაბომბვებს გააგრძელებენ - უკრაინელი სამხედრო ექსპერტი

გამოქვეყნდა:

პუტინის მიზანი მარიუპოლის დაუყოვნებლივ აღება და გამარჯვებით მანიპულირებაა - ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, იგორ ჟდანოვმა უკრაინულ მედიასთან ისაუბრა. ჟდანოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერზეა წამსვლელი რათა წარუმატებელი ოპერაცია გაამართლოს და საკუთარი მოსახლეობა მარიუპოლის გამარჯვებით გამოკვებოს.

"ბომბებს, რომელსაც რუსეთი მარიუპოლში იყენებს, სირიაშიც იყენებდა. განსხვავება მხოლოდ ის არის რომ სირიაში რკინა ბეტონის კატაკომბები არ არის. მსგავსი ბომბების გასასროლად მტერი ტუ-24-მ3 ტიპის თვითმფრინავს იყენებს. ეს არის 3-ტონიანი ბომბი, რომელსაც შეუძლია ბეტონის რამდენიმე ზღუდე გაანგრიოს და შემდეგ აფეთქდეს. პუტინი მარიუპოლს იმიტომ ბომბავს რომ გამარჯვება უნდა. არ აინტერესებს ვინ მოკვდება ან რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება. ისვრიან - ჩვენ კი პოზიციებს ვიცავთ. დასასრულს ვერ ხედავენ. პუტინი მარიუპოლში გამარჯვებით საკუთარ საზოგადოებას გამოკვებას.

პროპაგანდა აქტიურად მუშაობს. გუშინ რუსულ არხებზე სიუჟეტიც კი გავიდა სადაც ჰყვებოდნენ თუ როგორ მშვიდად და კარგად ცხოვრობენ ხერსონში, სინამდვილეში კი სიუჟეტში რუსული ქალაქი ეისკი ანახეს. რამდენიმე კვირის წინ ინფორმაცია მომაწოდეს რომ მოსკოვში ხრეშატნიკის დეკორაციას აწყობენო - წარმოიდგინეთ, სრული კოლაფსია, სრული იზოლაცია. ხალხს ატყუებენ", - ამბობს ის.

სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ თუ რუსეთი მართლა აპირებს 9 მაისს გამარჯვება იზეიმოს, მაშინ დრო ჯერ კიდევ აქვთ და დაბომბვას გააგრძელებენ. მისივე თქმით, პუტინისთვის ომის ფასი არ არსებობს.

"პუტინმა მარიუპოლში თითქმის ყველა სახის შეიარაღება გამოიყენა. არც კი მინდა ვიფიქრო იმაზე რომ მასიური განადგურების იარაღის გამოყენებას შეეცდება, თუმცა ამის მცდელობა ერთხელ უკვე ჰქონდა. ეს იყო ქიმიური ბომბი. თუ მართლა აპირებენ რომ 9 მაისს გამარჯვება იზეიმონ, დრო ჯერ კიდევ აქვთ და დაბომბვებს გააგრძელებენ. მძიმე არტილერიას გამოიყენებენ. მთელს ავიაციასა და ესკადრილიას ააფრენს, რადგან მარიუპოლში მთელი მიწისქვეშა ქალაქია და მისი ერთჯერადი იერიშების აღება შეუძლებელია. საუბარია დაახლოებით 20 ათასი კვადრატულ მეტრზე. პუტინისთვის ომის ფასი არ არსებობს. მთავარია სამხედრო ინფრასტრუქტურის დაცვა, ჯარისკაცების არა. [პუტინისთვის]

სამწუხაროდ არ გვაქვს შეიარაღება რომელიც მის ავიაციას ბოლომდე გაუმკლავდება. საერთაშორისო საზოგადოება მარიუპოლის ცას არ ჩაკეტავს, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მეორეს მხრივ, პრაქტიკული კუთხითაც რთულია, რადგან პატარა ქალაქია და გადაფრენასა და დაბომბვას დროის მცირე მონაკვეთი სჭირდება. შესაძლებელი რომც იყოს, ამას არ გააკეთებენ", - ამბობს ჟდანოვი.

ცნობისთვის, მარიუპოლი რომელიც ალყაშია მოქცეული და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა შეტევის მთავარი ეპიცენტრია. უკრაინა ითხოვს, რომ აზოვსტალის ქარხანას შეფარებული მოქალაქეებისთვის რუსეთმა ჰუმანიტარული დერეფანი გახსნას, თუმცა პუტინმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და ტერიტორიაზე ბლოკადის კიდევ უფრო გაძლიერების ბრძანება გასცა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი