"ომმა უკრაინასთან დაკავშირებით ყველას ხედვა შეცვალა" | The Economist-ის სტატია

გამოქვეყნდა:

"ომმა უკრაინასთან დაკავშირებით ყველას ხედვა შეცვალა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა The Economist და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის შესახებ წერს. ბუნებრივია, სტატიაში საუბარი ეხება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც.

"მთავარი არხის" ვებგვერდი სტატიის სრულ თარგმანს გთავაზობთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა „თავისუფალი სამყაროს ლიდერია“ - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.

წლების განმავლობაში, სანამ ის უკრაინის რიგით მეორე ყველაზე ძლიერი ფიგურა გახდებოდა, ანდრეი ერმაკი ფილმების პროდიუსერი იყო. მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი „ბრძოლის წესები“ (2017), უკრაინელი ქუჩის მებრძოლის, ტარასის ისტორიას გვიყვება. ერთ მომენტში გმირი ამბობს, რომ ერთი ცხოვრებისეული წესი აქვს: „დაასრულე, სანამ თავად დაგასრულებს“. ერთ იშვიათ ინტერვიუში, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის უფროსი ამბობს, რომ უკრაინის ომის საშინელების წარმოდგენა მის სცენარისტებსაც კი არ შეეძლოთ. 

„უკრაინას სჭირდება დგომა და გადარჩენა“ - ამბობს ის. „თუ ეს ასე არ მოხდა, პუტინი არასდროს გაჩერდება“. თუ სიმართლეა რუსეთის 29 მარტის განცხადება, რომ კიევზე თავდასხმებს "რადიკალურად შეამცირებს", ეს აუცილებლად აჩვენებს აგრესიის წინააღმდეგ ყოფნის სარგებელს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა. 

ერმაკი რთული და საიდუმლოებით მოცული ფიგურაა. მისი ხელმძღვანელისგან [ზელენსკი] განსხვავებით, ის მედიის ყურადღებას არ იპყრობს. მისი მთავარი ფასი პრეზიდენტთან სიახლოვეა, რაც წლების განმავლობაში მეგობრობაში გამოიხატებოდა. ომის დაწყებამდე, ისინი ერთად მუშაობდნენ, 24 თებერვლის შემდეგ კი მათ მიწისქვეშა ბუნაგში ერთად სძინავთ. "მას შემდეგ სახლში არ ვყოფილვართ" - ამბობს ის. როგორც ჩანს, ზელენსკი თავის მეგობარს ენდობა, სწორედ ამიტომ, მას საკუთარი პრეზიდენტობის ურთულესი ამოცანებიც კი გადასცა, მათ შორის რუსეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულობა. 

ერმაკს ხშირად "ვიცე-პრეზიდენტადაც" კი მოიხსენიებენ - თუმცა, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ეს პოზიცია რეალურად საერთოდ არ არსებობს. 30 დღეზე მეტის მიწის ქვეშ გატარების შემდეგ, ერმაკს სიბნელე და ღვარძლი არ გამოუხატავს. ფაქტობრივად, უკრაინის გასაოცარმა წარმატებამ რუსების წინააღმდეგ, მას მისცა ოპტიმიზმი, რომელიც ზოგჯერ ჰიპერბოლებსა და სურვილებში გადადის. კიევის ცენტრში, საპრეზიდენტო შენობაში საუბრისას, ის გამოხატავს ოპტიმისტურ შეხედულებას, როგორ ცვლის ომი მსოფლიო წესრიგს და როგორ ერგება მას უკრაინა. "ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შესაძლებელია არ შეგვეშინდეს, არ გვყავდეს ათასობით ტანკი ან მილიონობით ჯარისკაცი. საკმარისია, შენს ქვეყანაზე შეყვარებული, უბრალოდ მამაცი და პატიოსანი ადამიანი იყო" - ამბობს ის. 

უკრაინის გამძლეობამ რუსეთის თავდასხმის მიმართ, რომელიც უკვე მეხუთე კვირაა გრძელდება, ქვეყნის შეხედულება საკუთარ თავზე აშკარად შეცვალა. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, ის გრძნობდა, რომ დასავლეთ ევროპასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, ყურადღებისთვის კარზე დაკაკუნების გამო... მაშინ უცხოელ ლიდერებთან სატელეფონო ზარის ორგანიზებაც კი პრობლემა იყო: "დიახ, ვიცით, რომ არსებობთ, მაგრამ მოგვიანებით დაგირეკავთ".

ხუთკვირინმა მოულოდნელმა სასტიკმა წინააღმდეგობებმა ახლა ყველაფერი შეცვალა. ზელენსკი ახლა  ყოველდღიურად, რამდენიმე ათეულ, მაღალი დონის ზარს ახორციელებს. ქალაქ მარიუპოლის შესაძლო გამონაკლისის გარდა, სადაც სასტიკი ალყის გამო ათასობით ადამიანი დაიღუპა და შესაძლოა, მალე დაეცეს, რუსეთი თავის მთავარ მიზნებს ვერ აღწევს. 

ერმაკი ამტიცებს, რომ უკრაინას კონტრშეტევა და საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება შეუძლია. "თუ გვექნება საკმარისი ინტენსიური იარაღი, ჩვენ გავიმარჯვებთ" - სჯერა მას, თუმცა თუ რუსები შეიჭრებიან, მათი გამოსახლება ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე მათი წინსვლის შეჩერება. "ვფიქრობ, მსოფლიოში არსებობს ერთი, ან შესაძლო ორი არმია, რომელსაც ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ, რუსების შეჩერება შეუძლია. მე რომ NATO-ს წევრი ვყოფილიყავი, დაინტერესებული ვიქნებოდი, მყოლოდა ქვეყანა, რომელიც აჩვენებდა, რა შეუძლია მას პრაქტიკაში" - ამბობს ერმაკი. 

ეს არგუმენტი უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით NATO-ს მთავარ წინააღმდეგობას უგულებელყოფს, რომ ეს რუსეთთან კატაკლიზმურ ომს საფთხეს უქმნის. მაგრამ ეს გვიჩვენებს, რამდენად თავდაჯერებული გახდა უკრაინის ხელმძღვანელობა რუსეთის შეჭრის შემდეგ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერმაკი და მისი ხელმძღვანელი ზელენსკი ვლადიმერ პუტინის ამხელა დარტყმას გადაურჩნენ, ბ-ნი ერმაკი, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ უკეთესის მიღწევა დასავლელი ლიდერების მსგავსად, მათაც შეუძლიათ.

მისი თქმით, უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამოიყენეს, დასრულდა. ახალ კონფიგურაციაში უკრაინა ბუნებრივ ადგილს დაიკავებს, როგორც "ამ სისტემის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი". თუ დასავლელი პოლიტიკოსები ამას ვერ მიიღებენ, ის ამტკიცებს, რომ ისინი, შესაძლოა, საკუთარმა ამომრჩევლებმა გაათავისუფლონ. 

"მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქუჩებში ხალხმა უკრაინის მხარდაჭერა უკვე აირჩია. მათ უკვე მისცეს ხმა ცის დახურვას, მათ აირჩიეს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა იყოს". იმის მისაღებად, რასაც ერმაკი ამბობს, უკრაინა მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს არ დაელოდება. სამაგიეროდ, ის პირდაპირ მიმართავს ხალხს: "დროა. თუ ტალღის ნაწილი ხარ და ამას გრძნობ, შენ იცვლები. თუ არა - დრო შეგცვლის".

ერმაკისთვის სამწუხაროდ, დემონსტრაციები ხმები არ არის და ის არც პოლიტიკას ცვლის. დასავლელი პოლიტიკოსები შეეწინააღმდეგნენ უკრაინის მოთხოვნებს ფრენების შეზღუდვის თაობაზე, სხვა საკითხებთან ერთად. მართლაც, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, დაინახა, რომ ომის დაწყების შემდეგ, ხელახალ არჩევნებში მისი შანსები გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ინტერვენციის შესახებ დებატებში ის ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილი იყო. 

მიუხედავად ამისა, ერმაკი ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ დაიპყრო მსოფლიო და განსაკუთრებით ახალგაზრდები. "არ მიკვირს, რადგან მას ვიცნობ. მაგრამ მახსოვს ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ხუმრობდა, რომ ის სათანადო ლიდერი არ იყო. ყველა მათგანს ვთხოვ, თვალებში ჩამხედონ და თქვან, რომ თავიანთი სიტყვების გასამეორებლად მზად არიან". ერმაკის აზრით, უკრაინის პრეზიდენტი შეძლებს, რომ თავის ხედვებში მთელი მსოფლიო დაარწმუნოს. "დღეს ზელენსკი თავისუფალი სამყაროს ლიდერია" - ამბობს ერმაკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი