
დღეს საევაკუაციო ავტობუსით მარიუპოლი 79-მა მცხოვრებმა დატოვა. ისინი განადგურებული ქალაქიდან ზაპოროჟიეში ავტობუსებით ჩავიდნენ, - ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, პაველ კირილენკო ავრცელებს.
"ადრე რუსები ყოველთვის არღვევდნენ ყველა შეთანხმებას და ქალაქის დატოვება მოქალაქეებს მხოლოდ კერძო ტრანსპორტით შეეძლოთ. ამჯერად ოთხმა ავტობუსმა ორგანიზებულად მაინც მოახერხა ალყაში მოქცეული ქალაქიდან გამოსვლა. შეთანხმებულზე ბევრად ნაკლებია, მაგრამ მაინც გვიხარია ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე.
ვაგრძელებთ ძალისხმევას, რათა მარიუპოლის ყველა მცხოვრებმა შეძლოს უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე გამგზავრება. ეს არის მთელი სახელმწიფო ხელმძღვანელობის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა",- წერს კირილენკო.
ცნობისთვის, მარიუპოლის ბლოკადის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია და უსაფრთხო ადგილას გაყვანა შესაძლებელი იყო.