სრული ინფორმაციული ვაკუუმის შესაქმნელად რუსეთი მედიის საბოლოო წმენდას იწყებს - ახალი კანონპროექტის თანახმად, გენპროკურორს შეეძლება სამუდამოდ აკრძალოს ნებისმიერი მედიასაშუალება. დასჯადი გახდება „შავ სიაში” მოხვედრილი მედიის ციტირებაც.
ომის დაწყების შემდეგ, 4 მარტს, რუსეთში აიკრძალა უკრაინაში მიმდინარე ომის ომად მოხსენიება. კრემლისთვის მისაღები ფორმულირება მხოლოდ „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა”, თუმცა სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლები ამბობენ, რომ ეს რეგულაციები უკვე არსებულ „სამხედრო ცენზურაზე” უარესია.
ინტერნეტთავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციები დარწმუნებული არიან, რომ კანონპროექტი კანონმდებლებს არ შეუქმნიათ და ეს რუსული სპეცსამსახურების შექმნილია. მიზანი ცალსახაა - პუტინის რუსეთში მხოლოდ იმ ინფორმაციის ტირაჟირება უნდა ხდებოდეს, რაც კრემლს აწყობს.