
"ჩვენ დავაბრუნებთ ელჩს საქართველოში, როგორც კი მოვისმენთ რეალური მხარდაჭერის სიტყვებს თქვენი ხელისუფლებისგან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, კიევის მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "თუ ისინი არ შემოიღებენ სანქციებს სხვას არაფერს ექნება აზრი".
"რაც შეეხება საქართველოს ევროპულ არჩევანს, ეს თვითონ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ და უკრაინა ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაბრუნებთ ელჩს საქართველოში, როგორც კი მოვისმენთ რეალური მხარდაჭერის სიტყვებს თქვენი ხელისუფლებისგან",- თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი 31 მარტს მოაწერა. ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა: "თუ არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, ეძებეთ სხვა სამსახური".