
რომის პაპი ფრანცისკე სააღდგომო ზავის აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ის Regina Coeli-ის ლოცვის დროს, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს მიმართავს.
"ომი შეჩერების ნაცვლად, გაუარესდა. სამწუხაროა, რომ ქრისტიანებისთვის ამ უწმინდეს და საზეიმო დღეებში იარაღის მკვლელი ხმაური უფრო გვესმის, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც მკვდრეთით აღდგომას გვაუწყებენ. მე კვლავ ვიმეორებ სააღდგომო ზავის შესახებ ჩემს მოწოდებას, რაც მშვიდობისთვის მზადყოფნის ყველაზე მცირე ხელშესახები ნიშანია. შეაჩერეთ თავდასხმები გადაქანცული ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად", - ამბობს რომის პაპი.