
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ ინტერესი დაკარგა და როგორც ჩანს, აპირებს, უკრაინის რაც შეიძლება დიდი ტერიტორია დაიპყროს. ამის შესახებ გამოცემა Financial Time სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მედიის ინფორმაციით, პუტინმა, რომელიც სერიოზულად განიხილავდა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს, გასულ თვეს რუსეთის ჯარების მარცხის შემდეგ, კონფლიქტის შეწყვეტის მცდელობაში ჩართულ პირებს უთხრა, რომ ის ვერ ხედავს მოგვარების პერსპექტივას.
"პუტინს გულწრფელად სჯერა იმ უაზრობის, რომელიც მას [რუსული] ტელევიზიით ესმის და სურს დიდი გამარჯვება",-უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ პუტინი გაცოფებული იყო უკრაინის რაკეტებით ჩაძირული კრეისერ "მოსკოვის" დაკარგვით.
"შეთანხმების იმედი არსებობდა.... მან უნდა მოძებნოს გზა, რომ აქედან გამარჯვებული გამოვიდეს. ["მასკვას" ჩაძირვის შემდეგ] პუტინი წინააღმდეგი იყო რაიმეზე ხელი მოეწერა [...] მასკვას შემდეგ ის გამარჯვებულად აღარ გამოიყურება, რადგან ეს დამამცირებელი იყო",-უთხრა წყარომ FT-ს.
წყაროები გამოცემასთან ამბობენ, რომ რუსი გენერლების ანგარიშებისა და რუსული ტელევიზიების გამო, რუსეთის პრეზიდენტს ომზე დამახინჯებული შეხედულებები აქვს. მათივე თქმით, მიუხედავად მტკიცებულებებისა, პუტინი დაჟინებით ამტკიცებს, რომ რუსეთის ძალები არ ახორციელებენ იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
სტატიაში ასევე წერია, რომ რუსეთ-უკრაიანას შორის მოლაპარაკებები შუამავლები, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, ცდილობენ პუტინი დაარწმუნონ, რომ შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს.
თუმცა, როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, პუტინი ზელენსკისთან შეხვედრას "მთელი ძალით" გაურბის. "მას სურს რომ [ზელენსკისთან] პირისპირ შეხვედრამდე, ყველაფერი გადაწყვეტილი იყოს", - თქვა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულმა პირმა მედიასთან.