ომის დაწყებიდან მარიუპოლში 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100 000-ზე მეტი ბლოკადაშია და შველას ითხოვს - მერი

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის მერის ცნობით, ომის დაწყებიდან ქალაქში 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ევაკუაცია ისევ ვერ ხერხდება, რადგან რუსეთი ჰუმანიტარული დერეფნების უსაფრთხოების გარანტიებს არ იცავს. მერი ამბობს, რომ 100 000-ზე მეტი ადამიანი ბლოკადაშია და შველას ითხოვს.

"ჩვენ უკვე გვაქვს სამწუხარო ციფრები. ომის დაწყების დღიდან მარიუპოლში 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქალები, ბავშვები... 100 ათასზე მეტი კი ბლოკადაშია და შველას ითხოვს. სამწუხაროდ, ორი დღეა რუსეთის საოკუპაციო ძალები ხელს უშლიან ევაკუაციას და არ უშვებენ ხალხს რომლებიც ევაკუაციისთვის შერჩეულ კონკრეტულ ლოკაციებზე იყრიან თავს. ეს დაცინვაა", - ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშუკის თქმით, აუცილებელია, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მოსახლეობის ევაკუაციის საკითხებში გაერომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მისი განცხადებით, გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვში გეგმავს ჩასვლას და მან მკაფიოდ უნდა თქვას რასაც უკრაინა ითხოვს:

"ბატონი გუტიერეში მოსკოვში აპირებს ჩასვლას. მან მკაფიოდ უნდა თქვას, რასაც უკვე კი არ ვითხოვთ, არამედ მოვითხოვთ - რომ გაერომ უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული კორიდორების დაცვის რეჟიმი მარიუპოლის აზოვსტალიდან. აზოვსტალში ათასი ბავშვი და ქალია, პლუს 500 და შეიძლება მეტიც, დაჭრილი. თითქმის 50 ადამიანი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. სწორედ ამაზე უნდა ისაუბროს ბატონმა გუტიერეშმა, თუკი აპირებს მოსკოვში ჩასვლას და მშვიდობაზე საუბარს", - თქვა ვიცე-პრემიერმა.

გაიხსნება თუ არა 25 აპრილს ჰუმანიტარული დერეფნები ჯერ ცნობილი არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი