
ომის 61-ე დღე უკრაინაში - საომარი მოქმედებების 2 თვე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაჯამა. თქვა, რომ უკრაინელმა კაცებმა და ქალებმა სახელმწიფოს დასაცავად მართლაც მასშტაბური მზადყოფნა გამოავლინეს - ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი ქონებრივი სტატუსის, ნებისმიერი განათლების - უკრაინელი კაცები და ქალები თანაბრად დგანან სახელმწიფოს დასაცავად.
"დღეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ომის მესამე თვეა. 24 თებერვალს მსოფლიოს უმეტესობას არ სჯეროდა, რომ ერთ კვირაზე მეტს გავძლებდით. ერთი თვის წინ უნდა დაგვერწმუნებინა სხვადასხვა ქვეყანა, რომ უკრაინაზე ფსონი მომგებიანია. და ახლა ეს ყველამ იცის", - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ამ ომმა აჩვენა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე - აღმოსავლეთიდან, დასავლეთისკენ, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან - უკრაინული იდეა ერთნაირად ძლიერია და თანაბრად ეროვნული.