
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
სხდომისას მას კითხვა რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა დაუსვა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომს უკრაინაში "არანაირი გამართლება" არ აქვს, თუმცა "ეს არ ნიშნავს, რომ შეჭრას არანაირი ახსნა არ აქვს". მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის NATO-ში გაწევრიანების "აგიტაციას" ეწეოდა.
კითხვის საპასუხოდ, ბლინკენმა პოლის განცხადებები უარყო და აღნიშნა, რომ აშშ იცავდა ალიანსის ღია კარის პოლიტიკასა და "ძირითად პრინციპს, რომ ერთი ქვეყანა ვერ უკარნახებს მეორეს, თუ ვისთან შევიდეს ალიანსში".
ამის შემდეგ, რენდ პოლმა თქვა, რომ უკრაინა რომ NATO-ს წევრი ყოფილიყო, მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა "აშშ-ს ჯარისკაცები ახლა უკრაინაში იბრძოლებდნენ". ამაზე კი ბლინკენმა უპასუხა, რომ NATO-ს წევრობა ქვეყნებს რუსული აგრესიისგან იცავდა.
- თუ შეხედავთ ქვეყნებს, რომლებსაც ბოლო წლებში რუსეთი თავს დაესხა, ეს ქვეყნები NATO-ს წევრები არ იყვნენ. [რუსეთი] თავს არ დასხმია NATO-ს წევრ ქვეყნებს, -თქვა ბლინკენმა.
- ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნები, რომელსაც ის თავს დაესხა რუსეთის ნაწილი იყვნენ....საბჭოთა კავშირის ნაწილი, - უპასუხა პოლმა.
- ეს რუსეთს უფლებას არ აძლევს, რომ მათ თავს დაესხას, -თქვა ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრის მიზეზი "არასოდეს ყოფილა ის, რომ უკრაინა პოტენციურად NATO-ს წევრია და ამის მიზეზი იყო [პუტინის] რწმენა, რომ უკრაინა არ იმსახურებს იყოს სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა".