კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე წერს, რომ ემიჯნება კინოაკადემიის გადაწყვეტილებას, სალომე ჯაშის ფილმის, "მოთვინიერების" სეანსების გაუქმებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თუ ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, უარს აცხადებს აკადემიის წევრობაზე.
"ძალიან უცნაური ამბავი გავრცელდა - კინოაკადემიამ მოხსნა სალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება" თავისი კინოდარბაზის ეკრანიდან. ის რაც წარმოადგენდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, შემოქმედების თავისუფლება, ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად ეჭვქვეშ დადგა. მითუმეტეს, რომ კინოაკადემია არის თავისუფალ კინემატოგრაფისტთა კავშირი და ის პირიქით, უნდა იცავდეს შემოქმედების თავისუფლებას და ამის სადარაჯოზე უნდა იდგეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყოფილი კინოკავშირის წევრი მექანიკურად გადაიქცა კინოაკადემიკოსად და ალბათ მეც, მათ შორის, ვემიჯნები ამ გადაწყვეტილებას და კითხვას ვსვამ - ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა? თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკედემიის წევრობაზე", - წერს ნანა ჯანელიძე.
ფილმი "მოთვინიერება", რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხეებით გატაცებას ეხება არაერთ ქვეყანაში, საერთაშორისო კინოფესტივალებზე უკვე აჩვენეს. კინოაკადემიამ მისი ჩვენებები "კინოს სახლში" გააუქმა, მიზეზად კი დაასახელა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".