
უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, მისი ოფისი რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების ახალ საქმეებს ხსნის. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის უკრაინის გენერალური პროკურატურა ჯამში ომის დანაშაულის 9 158 საქმეს იძიებს, რაც მისი თქმით, "წმინდად ომის დანაშაულებს უკავშირდება".
"ჩვენ უკვე მოვახდინეთ კონკრეტული სამხედრო დამნაშავეების იდენტიფიცირება. მაგალითად, 15 ადამიანი კიევის რეგიონში, მათგან 10 ბუჩაში. ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ წამებისთვის, გაუპატიურებისა და ძარცვისთვის",- თქვა მან.
გასულ კვირას უკრაინელმა პროკურორებმა ბუჩაში სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანელებად ათი რუსი ჯარისკაცი დაასახელეს. რაც შეეხება მსხვერპლთა იდენტიფიცირებას, ვენედიქტოვას თქმით, ზოგიერთი ცხედრის ამოცნობა შეუძლებელი იყო და დნმ-ის ნიმუშები გროვდება.
"სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს საფუძველი ყოველდღიურად გავხსნათ ახალი საქმეები: მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, დაბომბვის, ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, დეპორტაციის ოკუპირებულ და აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიებზე, და ა.შ.",- თქვა ვენედიქტოვამ.
როგორც ვენედიქტოვამ აღნიშნა, შემთხვევები მოიცავს კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებს. მისივე თქმით, უკრაინა გამოძიებაში საერთაშორისო დახმარებას იღებდა.
"ახლა ჩვენ გვყავს ფრანგი ექსპერტთა გუნდი, ასევე ექსპერტები სლოვაკეთიდან. შემდეგ ხუთშაბათს ექსპერტებს ლიეტუვიდან ველოდებით",-თქვა მან.