
რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზიგერი ახალ რეზოლუციას წარადგენს, რომელიც, ამერიკის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ჩართვის ნებას დართავს, თუ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკამ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია - თავისუფლებისადმი ჩვენი ერთგულება ავტოკრატებისგან გვიცავს და აძლიერებს დემოკრატიას მთელს მსოფლიოში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს განსაზღვრება მერყეობდა და ტირანებმა, როგორიც არის ვლადიმერ პუტინი, ეს გამოიყენეს.
დღეს ამერიკას აქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჩვენი მხარდაჭერა თავისუფლების მაძიებელი ხალხის მიმართ და მტკიცედ დაუპირისპირდეს ავტორიტარიზმს. სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანთან ენტონი ბლინკენთან საუბრის შემდეგ მოვისმინე მისი სერიოზული შეშფოთება პუტინის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, შეერთებული შტატები საერთაშორისო საზოგადოებას დაანახებს, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს უაზრო ძალადობას. მე და ჩემი თანამშრომლები მოუთმენლად ველით მდივან ბლინკენს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი პასუხს აგებს საერთაშორისო სამართლის ყველა დარღვევისთვის.
ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით უკრაინელი იძულებით გადაადგილებულია, ათასობით მოკლულია და ზიანი, რომელიც აგრძელებს მათ ალყას, სრულიად არაადამიანურია. მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება, სიკვდილით დასჯის მასობრივი შემთხვევები და რუსი სამხედროების მიერ გაუპატიურების შემთხვევების უთვალავი ცნობა დიდწილად შეუმჩნეველი დარჩა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევაჩეროთ ეს სისასტიკე. სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქმედებები.
მე წარვადგენ ამ სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაციას, როგორც მკაფიო წითელ ხაზს, რათა ადმინისტრაციას შეეძლოს მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ, ბიოლოგიურ და/ან ბირთვულ იარაღს. ჩვენ უნდა დავიცვათ კაცობრიობა და ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენ მოკავშირეებთან ერთად.
როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, პუტინი შეჩერებული უნდა იქნას. შესაბამისად, მსოფლიოს უდიდეს სამხედროების მთავარსარდალს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება და საშუალება, რომ ამისთვუს საჭირო ქმედებები განახორციელოს",-წერია კინზიგერის განცხადებაში.