
უკრაინაში მოწამლული 6 ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას"ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა.
ქაცარავას თქმით, ნივთიერება ზარინი მის სისხლშიც აღმოჩნდა, თუმცა სხვა მებრძოლებთან შედარებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"უმრავლესობის მდგომარეობა გართულდა, სხვადასხვა ტიპის სიმპტომები დაემატა მათ ჩივილებს. მიდის მინიმუმ 6 ადამიანი გამოკვლევებზე. ჩემ სისხლში ეს ნივთიერება დადასტურდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემზე საუბარი ნაკლებად არის. შესაძლებელია გახდეს საჭირო მათი საქართველოში დაბრუნება, იმიტომ რომ, რეალურად ბრძოლისუნარიანობაზე ეს ნივთიერება საკმაოდ მძიმედ ისახება", - თქვა დავით ქაცარავამ.
უკრაინაში მებრძოლი ქართველები 2 აპრილს გოსტომელში ზარინის ნივთიერებით მოიწამლნენ. 1 თვის შემდეგ კი მათ ახალი სიმპტომები გამოუვლინდათ. ექიმების გადაწყვეტილებით, მებრძოლებს დღეიდან ისევ ჰოსპიტალში გადაიყვანენ და დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ.