
გერმანიის ფინანსთა მინისტრის თქმით, ქვეყანა მზად არის ემბარგო დაუწესოს რუსულ ნავთობს.
"გერმანია მზად არის ახალი სანქციებისთვის, მათ შორის ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის. ჩვენ მოვემზადეთ იმისთვის, რომ ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე. დამოკიდებულების შემცირებას დრო სჭირდება, შეცდომა იყო, რომ ამ მიმართულებით დამოკიდებული ვიყავით, თუმცა პროგრესს ვაღწევთ.
ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ იმპორტი დაწყებული ქვანახშირით, შემდეგ ნავთობით. უფრო მეტი დრო დასჭირდება რუსული ბუნებრივი აირის იმპორტისგან დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ ასე გავაგრძელებთ და საბოლოოდ ჩვენ სრულიად დამოუკიდებელი ვიქნებით რუსეთისგან", - თქვა კრისტიან ლინდერმა CNN-თან.
CNN-თან საუბრისას ლინდერმა თქვა, რომ მას არ სურდა ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების პოზიციებზე სპეკულირება.
"მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გერმანია მზად არის შეამციროს ნავთობის იმპორტი, ჩვენ ვიცით, რომ სხვები საკითხს ფრთხილად განიხილავენ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. ეს არის ჩვენი საუკეთესო ინტერესები, მსოფლიოს ყველა დემოკრატიული სახელმწიფო იზიარებს ამ ინტერესებს, რომ ჩვენ ერთად დავრჩეთ. ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში",- თქვა მან.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია რუსული გაზის მისაღებად რუბლში არ გადაიხდის.
"გერმანიას ვერ დააშანტაჟებენ. კონტრაქტი კონტრაქტია და ყველა ეს კონტრაქტი ეფუძნება გადახდებს დოლარში ან ევროში. ასე რომ, გერმანელმა კონტრაქტორებმა უნდა გადაიხადონ ევრო ან დოლარი. ეს არის ვითარება კონტრაქტებთან დაკავშირებით და ჩვენ არ შევცვლით, იმიტომ, რომ პუტინს ომისთვის რუბლის სჭირდება",- თქვა მან.
ცნობისთვის, გასულ კვირას გაზპრომმა შეაჩერა გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთში მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარი თქვა.