ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით - ნოდარ მელაძე

გამოქვეყნდა:

გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული "ტელეკომპანია პირველის" მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე. საქმე ეხება ტელეკომპანიის ეთერში გასულ რეპორტაჟს, სადაც საუბარი იყო ვერსიაზე, რომ ის, ვინც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰყავს დაკავებული, სულაც არ არის ვასამბეკ ბოკოვი და უბრალოდ, სხვისი  სახელითა და გვარით სარგებლობს. 

ნოდარ მელაძე არ აპირებს, გაასაჯაროვოს ინფორმაციის წყაროს ვინაობა, რადგან მას კანონით აქვს ჟურნალისტური საქმიანობის დროს მოპოვებული მასალების წყაროს კონფიდენციალურობის დაცვის უფლება.

მელაძის გადაცემაში გასული სიუჟეტის თანახმად, პიროვნება, რომელიც სუს-მა სპეცოპერაციის დროს დააკავა ქავთარაძეზე, სინამდვილეში ვასამბეკ ბოკოვი არ არის და მხოლოდ მისი პასპორტით გადაადგილდებოდა.

ნოდარ მელაძის თქმით, თუ მომავალშიც დაიბარებენ გამოკითხვაზე და კითხვები გასცდება მისი სიუჟეტის შინაარსს, იგი მოითხოვს, რომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს.

მოვედით ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, თუმცა სუს-შიც კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, არ გვაქვს ვალდებულება, დავასახელოთ წყარო... ამ ჟურნალისტური გამოძიებისას მთავარი კითხვა, რომელსაც გაეცა პასუხი - არის თუ არა ადამიანი ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც ახლა იხდის სასჯელს. იმიტომ, რომ ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან ნახა რამდენიმეჯერ ეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს მისი ძმის დაკავებას. ეს ვიდეომასალა არის მაღალი გარჩევადობის. შესაბამისად, ის ამბობს, რომ არც სიმაღლით, არც პარამეტრებით, ეს მისი ძმა არ ყოფილა, - განმარტავს მელაძე.

ადვოკატი ლევან მახარაშვილი კი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე მიიღეს, თუმცა წყაროს ვინაობის დასახელებისგან თავს შეიკავებენ.

ვინაიდან ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კითხვები ექნება გამოძიებას, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით დადგება თუ არა დღის წესრიგში დამატებითი გამოკითხვის აუცილებლობა, - აღნიშნავს მახარაშვილი.

ნოდარ მელაძის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე შაბათის ეთერში გასული სიუჟეტის ავტორი მაკა ჩიხლაძეც დაიბარა. მელაძე ახლა ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილს ამზადებს, რომელშიც, მისი მტკიცებით, გასაჯაროვდება საქმესთან დაკავშირებული კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი