
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ როცა "მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული" რუსეთთან გარიგებას დააბრალებ, მინიმუმ მტკიცებულება უნდა წარადგინო.
"სამწუხაროდ, ასეთმა არასერიოზულმა ბრალდებებმა ფასი დაუკარგა ასეთი სახის განცხადებებს. ვხედავთ, რომ უკვე ჯერადობამაც ჯერადობამაც იმატა ასეთი სახის განცხადებების და მას არც რაიმე შედეგი აქვს, იმ კუთხით, რომ სერიოზულად მოხდეს საზოგადოებაში თუ საექსპერტო წრეებში, მათ შორის რომ ოპოზიციაც კი ნაწილობრივ ხედავთ რომ უკვე ასეთ განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამს, როდესაც ხდება ბრალდებების წამოსროლა საქართველოს მიმართ ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ არის. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე", - თქვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას, რომ დაზვერვის ვალდებულება მტკიცებულებების წარმოდგენა არაა და რომ უკრაინის ეს უწყება ბრიტანეთთან კოორდინაციაში მუშაობს პაპუაშვილმა უპასუხა:
"მე არ ვიცი როგორ მუშაობს უკრაინის დაზვერვა, მე ერთი რამე ვიცი, როდესაც მეგობრის, იმ მეგობრის რომელიც გვერდში გიდგას ყველანაირად, პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად, იმ მეგობრის წინააღმდეგ როდესაც წააყენებ ასეთ მძიმე ბრალდებას და მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული, დააბრალებ რუსეთთან გარიგებას, აქ მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო".
ცნობისათვის, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას, მათ შორის დასახელდა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.