"მათ არ იცოდნენ, ვინ თქვა ეს" - კუნძულ ზმეინის მცველი, რომელმაც გემი ნა ხ*იზე გაუშვა

გამოქვეყნდა:

რუსი დამპყრობლების ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი მესაზღვრე, რომან გრიბოვი, რომელმაც ზმეინის კუნძულიდან რუსული გემი ნა ხ*იზე გაუშვა ყვება, რომ რუსებმა არ იცოდნენ ვინ იყო ამ ფრაზის ავტორი, რამაც მისი აზრით, გადაარჩინა.

"მათ არ იცოდნენ, ვინ თქვა ეს. და ეს კარგია, რადგან ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კარგად არ მომექცეოდნენ და სახლში ვერ დავბრუნდებოდი", - თქვა გრიბოვმა.

გრიბოვი და სხვა მესაზღვრეები დატყვევებიდან 1 თვის შემდეგ - 24 მარტს გაცვალეს, გაცვლის შესახებ მცველებმა ბოლო დრომდე არაფერი იცოდნენ, ზოგიერთს სჯეროდა, რომ დასახვრეტად მიჰყავდათ. 

ტყვეობაში ყოფნისას გრიბოვს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ლეგენდარული ფრაზის ავტორად უკვე ბევრი იცნობდა.

"ტყვეების გაცვლის პროცესში მონაწილე კაცმა მითხრა: "იცი, რომ ლეგენდარული ფრაზის ავტორი ხარ?" თავიდან ვერ მივხვდი რაში იყო საქმე, სახლს რომ მივუახლოვდი მივხვდი. რა თქმა უნდა, ეს არც ისე კარგია, რადგან უხამსობაა, მაგრამ მე ზრდასრული ვარ და ამიტომ შემიძლია გამოვხატო საკუთარი თავი ასე", - თქვა მან.

გრიბოვის თქმით, დამპყრობლები მიმართავდნენ როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ წამებას და არ აინტერესებდათ ვინ იდგა მათ წინ, სამხედრო, ქალი, თუ სასულიერო პირი. გარდა ამისა, მათ არწმუნებდნენ, რომ კიევი რუსეთს აღებული ჰქონდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი