
უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და კვლავ იქნება თავისუფალი ქვეყანა, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა სამშაბათს უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას.
"დღეს ერთი მესიჯი მაქვს თქვენთვის: უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა თავისუფალი იქნება", - თქვა ჯონსონმა.
ჯონსონმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ რუსეთთან ბრძოლაში უკრაინულმა პატრიოტიზმმა და სამშობლოს სიყვარულმა - "დაამსხვრია მითი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაუმარცხებლობის შესახებ".
ჯონსონმა, რომელმაც გამოაცხადა დამატებითი 300 მილიონი ფუნტი (375 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარება უკრაინაში, მათ შორის ელექტრონული საომარი ტექნიკისა და სარადარო სისტემის ჩათვლით, თქვა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას.
ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გახდა პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელმაც სიტყვით მიმართა უკრაინის პარლამენტს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.